სასტუმრო “ჰოლიდეი ინნში” ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების ლიდერებისა და დიპლომატიური კორპუსის შეხვედრა დასრულდა.
შეხვედრას ესწრებიან როგორც საპარლამენტო ასევე არასაპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლები და დამოუკიდებელი დეპუტატები.
შეხვედრის მთავარი თემა ოპოზიციის თქმით რამდენიმე საკითხი იყო: პოლიტპატიმრების თემა, ქართული ოცნების მხრიდან ძალადობრივი ჯგუფების ორგანიზება და წახალისება და სამართალდამცველების უკანონო ქმედებები მშვიდობიანი მოქალაქეების წინააღმდეგ.
ევროპული საქართველოს გენერალური მდივანი, გიგი უგულავა აცხადებს, რომ ოპოზიცია შეეცდება იმ მოსამართლეებს, პროკურორეტს და გამომძიებლებს, ვინც პოლიტიკურ საქმეებშია ჩართული თავისუფალ ქვეყნებში გადაადგილება შეეზღუდოთ.
უგულავას განცხადებით, ოპოზიცია დიპლომატებს იმ მოსამართლეების, პროკურორების და გამომძიებლების შესახებ მიაწვდის ინფორმაციას, ვინც ბიძინა ივანიშვილის დავალებით, პოლიტიკურ „გაპრავებაშია“ ჩართული.
“საუბარი ეხებოდა პოლიტპატიმრებს და იმ პოლიტიკურ პროცესებს, რაც ქვეყანაში მიმდინარეობს. ხუმრობით შეგვიძლია ვთქვათ, რომ თბილისის საქალაქო სასამართლო ოპოზიციის შტაბ-ბინად გადაიქცა იმიტომ, რომ ყველა დარბაზში რაღაც პოლიტიკური პროცესი მიმდინარეობს. ბუნებრივია, ეს არანორმალურ სიტუაციას ქმნის. ამასთან ერთად, სულ უფრო მოხშირდა დაუსჯელი თავდასხმები და პირიქით, აქეთ გვადანაშაულებენ ხოლმე. ამიტომ ჩვენ შევთანხმდით, რომ ყველა იმ მოსამართლის, პროკურორის და გამომძიებლის პროფილს გავაკეთებთ და საელჩოებს მივაწვდით, ვინც ამ პოლიტიკურ „გაპრავებაშია“ ჩართული. ყველას კარგად გვესმის, რომ ამის დავალებას ივანიშვილი იძლევა. ივანიშვილს რომ მისწვდე, ჯერ შედარებით რთულია, სანამ მართლა ქიმიურ ომს არ დაუწყებს საკუთარ ხალხს, მაგრამ იმ პროკურორების, მოსამართლეების და გამომძიებლების წინააღმდეგ, ვინც ამ „გაპრავებაში“ არიან ჩართული, მივაღწევთ იმას, რომ თავისუფალ ქვეყნებში გადაადგილება შეეზღუდოთ, ანუ ვიზას აღარ მისცემენ. ეს მიღწევადი ამოცანაა. დასასვენებლად იქნება თუ გასართობად, ვეღარ წავლენ ევროპის ქვეყნებსა და ამერიკაში, წავლენ რუსეთში ან ისეთ ქვეყნებში, რომელიც მათ საქმიანობას უკეთესად უხდება“ – განაცხადა უგულავამ.
“ახალი საქართველოს“ ლიდერი, გიორგი ვაშაძე ამბობს, რომ დიპლომატების თხოვნა იყო ოპოზიციამ უფრო ინტენსიურად მიაწოდოს ინფორმაცია ქვეყანაში მიმდინარე პროცესებზე , რაზეც აუცილებლად იქნება რეაგირება დიპლომატიური კორპუსის მხრიდან.