პოპულარულმა ბრიტანელმა ტელეწამყვანმა თავი მოიკლა.მას ბოიფრენდზე თავდასხმაში ადანაშაულებდნენ

ყველაზე პოპულარული ბრიტანული რეალითი შოუს, “სიყვარულის კუნძულის“ ყოფილმა წამყვანმა, კეროლიან ფლეკმა 40 წლის ასაკში თავი მოიკლა.

კეროლაინ ფლეკი შაბათს ლონდონში, საკუთარ ბინაში გარდაცვლილი იპოვნეს. ოჯახის ადვოკატმა განაცხადა, რომ მან თავი მოიკლა.

მოტივების შესახებ არაფერია ცნობილი. წამყვანის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ ის “უზარმაზარი წნეხის ქვეშ იყო“ მას შემდეგ, რაც საკუთარ ბოიფრენდზე თავდასხმაში დაადანაშაულეს.

ცოტა ხნის წინ ტელეწამყვანს მის ბოიფრენდზე – ტენისისტზე და მოდელზე, ლიუის ბერტონზე თავდასხმაში დასდეს ბრალი. თავად ბერტონი ითხოვდა, ის დაზარალებულად არ ჩაეთვალათ, მეგობარი ქალის გარდაცვალების შემდეგ კი ინსტაგრამზე დაწერა, რომ “ამ ამბავმა გული მოუკლა.“ ემოციურ პოსტს თან ახლდა მათი ერთობლივი ფოტო. “ჩვენს შორის რაღაც განსაკუთრებული იყო. სიტყვები არ მყოფნის, იმხელა ტკივილს განვიცდი. ძალიან მენატრები. ვიცი, რომ ჩემთან თავს უსაფრთხოდ გრძნობდი. ყოველთვის ამბობდი, რომ სხვა არაფერზე ფიქრობდი როცა მე გვერდით ვიყავი… მე ვიქნები შენი ხმა პატარავ, მე დავსვავ კითხვებს, რომელთა დასმაც შენ გენდომებოდა და მივიღებ პასუხებს. შენ ვეღარაფერი დაგაბრუნებს, მაგრამ ვეცდები ყოველდღე იამაყო ჩემით. მიყვარხარ მთელი გულით“ – წერს გარდაცვლილი ქალის შეყვარებული.


ფლეკი ამ საქმესთან დაკავშირებით სასამართლოს წინაშე მომავალ თვეს უნდა წარმსდგარიყო.

ბრალი მეგობარ მამაკაცზე თავდასხმისთვის ფლეკს გასული წლის დეკემბერში წაუყენეს. თავად ფლეკი ბრალდებებს უარყოფდა, თუმცა ბრალდების ვერსიით მან ბერტონის ტელეფონში შეტყობინებები წაიკითხა სანამ მას ეძინა და ეჭვიანობის ნიადაგზე მძინარე შეყვარებულს თავში მაგიდის ბრა ჩაარტყა. ის პატიმრობიდან გირაოთი გამოუშვეს და ბერტონთან მიახლოება და მასთან კონტაქტი აუკრძალეს. ტელეწამყვანის ადვოკატი სასამართლოს თხოვდა ეს პირობა მოეხსნათ, რათა წყვილს შობის ერთად გატარება შეძლებოდა, თუმცა სასამართლო შეუვალი აღმოჩნდა.

როცა მოსამართლემ გამოაცხადა, რომ მას გამოძიების დასრულებამდე ბერტონთან ურთიერთობა აეკრძალა, ფლეკი დარბაზში ატირდა. ბერტონი კი მთელი სხდომის განმავლობაში თავჩახრილი იჯდა და თავზე ხელები ჰქონდა შემოხვეული. ის თავს დაზარალებულად არ ცნობდა და თავიდანვე მოითხოვდა მსხვერპლის სტატუსი მოეხსნათ. სასამართლო სხდომის შემდეგ კი ინსტაგრამზე დაწერა, რომ “ჩხუბი ყველა ურთიერთობებში ყოველდღე ხდება“. თუმცა,
პროკურორი სხდომაზე აცხადებდა, რომ ინციდენტის შემდეგ პოლიცია ბერტონმა გამოიძახა და მორიგე ოპერატორს ემუდარებოდა სასწრაფოდ დახმარებოდნენ.

ფლეკის წარმომადგენლები პროკურატურას “საჩვენებელი პროცესის„ მოწყობაში ადანაშაულებდნენ, მიუხედავად იმისა, რომ ბერტონმა უარი განაცხადა მისი მეგობარი ქალისთვის ბრალდება წაეყენებინათ.

„ტრაგიკული გარემოებების გათვალისწინებით ამ ეტაპზე ამ საქმის სპეციფიკაზე კომენტარს არ გავაკეთებთ „– აცხადებს პროკურატურა ქალის თვითმკვლელობის შემდეგ.