ავსტრალიის პრემიერ მინისტრმა, სკოტ მორისონმა აღიარა, რომ ხელისუფლების ბრძოლა ტყის ხანძრებთან ყოველთვის ეფექტიანი არ იყო და ახლა დეტალური ანალიზი ჭირდებათ.
ტელეარხ ეი–ბი–სისთვის მიცემულ ინტერვიუში მორისონმა განაცხადა, რომ ზოგიერთ პრობლემასთან უკეთ ბრძოლაც შეიძლებოდა.
““ეს ძალიან მგრძნობიარე გარემოა, ძალიან ემოციური გარემო. პრემიერ მინისტრებიც ხორციელი ადამიანები ვართ, როცა ამ ადამიანებთან ვურთიერთობთ(იგულისხმება ტყის ხანძრებისგან დაზარალებულები)“ – თქვა პრემიერმა.
მორისონმა განსაკუთრებით გაუსვა ხაზი მეხანძრეების მძიმე შრომას სტიქიასთან ბრძოლაში, ასევე იმას, რომ მთავრობამ აუცილებლად უნდა ითამაშოს უფრო აქტიური როლი ამ პრობლემების მოგვარებაში.
პრემიერმა საჯარო გამოძიების შესახებ გამოაცხადა, რომელმაც უნდა დაადგინოს, რამდენად ეფექტურად მოქმედებდა ხელისუფლება კრიზისულ სიტუაციაში.
პრემიერის ამ განცხადებამდე მორისონის მთავრობა ავსტრალიის მოქალაქეების მხრიდან უმკაცრესი კრიტიკის ობიექტი გახდა. ბევრი დარწმუნებულია, რომ ხელისუფლება ხანძრებთან ბრძოლაში საკმარიის არ აკეთებს, ამის შედეგად კი სექტემბრიდან მოყოლებული მინიმუმ 28 ადამიანი დაიღუპა.
ახალი სამხრეთ უელსის შტატში ვიზიტისას, რომელიც ხანძრისგან ყველაზე მეტად დაზარალდა, შეურაცხმყოფელი გამონათქვამების მოსმენა მოუწია ადგილობრივებისგან, რომელთაგან ერთ–ერთმა მას იდიოტი უწოდა.
პარასკევს ავსტრალიის ქალაქების – სიდნეის, მელბურნის და კანაბერას ქუჩებში ათასობით ადამიანი გამოვიდა, რომლებიც მთავრობისგან მოითხოვდა სასწრაფოდ თქვას უარი მადნეულის ტიპის საწვავზე.
თუმცა ინტერვიუში მორისონმა აღნიშნა, რომ ხანძრები პირველ რიგში გლობალურ კლიმატურ ცვლილებებს უკავშირდება, ამიტომაც ამ პრობლემების მოსაგვარებლად გლობალური ზომებია საჭირო.
“ჩვენ უფრო ხანგრძლივი, ცხელი და მშრალი ზაფხულების ეპოქაში ვცხოვრობთ. რა თქმა უნდა, ამაზე გავლენას დიდი კლიმატური ცვლილებები ახდენს“– თქვა პრემიერმა.
შაბათს ავსტრალიაში ხანძრები მცირედით შესუსტდა, თუმცა მეტეოროლოგების პროგნოზით მომავალ კვირას კვლავ ცხელი ამინდია მოსალოდნელი, რაც ხანძრებს ხელს უწყობს.
ხელისუფლება ამბობს, რომ სიტუაცია მანამ არ შეიცვლება, სანამ ძლიერი წვიმები არ დაიწყება.დღეისათვის ახალ სამხრეთ უელსის შტატში ხანძრის 123 აქტიური კერაა. 2 ათასზე მეტი სახლი განადგურებულია.ვიქტორიას შტატში კი ხანძრის 32 კერაა. შაბათს ხანძართან ბრძოლისას ადგილობრივი მეხანძრე დაიღუპა.