პრეზიდენტმა რუსეთის საიმპერატორო ქარხანაში დამზადებულ ჭაღში $59 000 გადაიხადა – IDFI

პრეზიდენტმა რუსეთის საიმპერატორო ქარხანაში დამზადებულ ჭაღში $59 000 გადაიხადა – ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI) აქვეყნებს.

შესაბამისი საჯარო ინფორმაციის მოთხოვნებით IDFI-მა საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციას, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურს, სახელმწიფო უზრუნველყოფის სააგენტოს, საქართველოს ეროვნული მუზეუმს, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციას, სსიპ ლევან სამხარაული სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ბიუროს მიმართა.

IDFI-ს თანახმად, აღნიშნული ინფორმაციის გაანალიზების შედეგად გამოიკვეთა შემდეგი ძირითადი მიგნებები:

  • საქართველოს პრეზიდენტის ათონელის რეზიდენციის კეთილმოწყობისთვის, ადმინისტრაციის მიერ შერჩეული ანტიკვარული და თანამედროვე ავეჯის, სანათი საშულებების და ინტერიერის სხვადასხვა აქსესუარის შესყიდვისთვის სარეზერვო ფონდიდან გამოიყო 2 800 000 ლარი.

 

  • სულ გაიხარჯა 2 174 783 ლარი, საიდანაც 1 199 558 ლარი მოხმარდა ანტიკვარული ავეჯის და ინტერიერის აქსესუარების შეძენას, 255 000 ლარი მათ რესტავრაციას, ხოლო 720 225 ლარი – თანამედროვე ავეჯის, სანათი საშუალებების და ფარდების შესყიდვას;

 

  • ოქმების მიხედვით, ეროვნულმა მუზეუმის სამუშაო ჯგუფმა ორ დღეში ადგილზე შეისწავლა 58 ანტიკვარული ნივთი და მათი ვიზუალური დათვალირებით განსაზღვრა მათი შესყიდვის მიზანშეწონილობა;

 

  • კომისიის თანხმობით სულ შესყიდულია 47 ოქმის მიხედვით შეფასებული ანტიკვარული ნივთები, მათ შორის: 10 გარნიტური/სამეული, 7 ბული/ბიურო მარკეტრი, 7 ჭაღი, 5 მაგიდა, 3 ბუხრის საათი, 3 სარკე, 3 შანდალი, 2 ხალიჩა და სხვა

 

  • ათონელის რეზიდენციისთვის შესყიდულ ანტიკვარულ ნივთებს შორის ყველაზე ძვირადღირებულია რუსეთის საიმპერატორო ქარხანაში დამზადებული XIX საუკუნის ჭაღი – 59 000 აშშ დოლარი;

 

  • ოთხ ანტიკვარულ ჭაღში – ჯამში 133 410 აშშ დოლარი / 391 112 ლარი დაიხარჯა;

 

  • შეძენილ ანტიკვარულ ნივთებს შორის, ვხდებით სხვადასხვა ძვირადღირებულ ინტერიერის აქსესუარებს. მაგალითად, 8 500 აშშ დოლარად შესყიდულია შვიდი ირანული ფერწერული ტილო, 4 310 აშშ დოლარად – ირანული მამლის ფიგურების წყვილი, 3 წყვილი შანდალი – თითოეულის ფასი 3000 დან 8000 აშშ დოლარამდე, 3 ბუხრის საათი – თითოეულის ფასი 7000 დან 18 000 აშშ დოლარამდე, შუა აზიური ორი ხალიჩა – თითოეულის საწყისი ფასი 5000 დან 7000 აშშ დოლარამდე და სხვა;

 

  • შესყიდულ ანტიკვარულ ნივთებს შორის არცერთი არ არის ქართული წარმომავლობის. 25 ერთეულზე მითითებულია ევროპული წარმომავლობა, 11 ერთეული – ფრანგული, 6 ერთეული – რუსული, 3 ერთეული ირანული, ხოლო 2 ერთეული – შუა აზიური;

 

  • პრეზიდენტის რეზიდენციის კეთილმოწყობისთვის ანტიკვარული ნივთების გარდა, ტენდერის გარეშე დამატებით შესყიდულია 111 ერთეული სხვადასხვა ტიპის თანამედროვე ავეჯი (1 ბიბლიოთეკის კედელი, 2 ტახტი, 13 მაგიდა, 60 სკამი/სავარძელი, 22 კონსოლი, 5 ტუმბო/დესაო, 8 პედესტალი)

 

  • შესყიდული 17 თანამედროვე ჭაღიდან თითოეულის ფასი 1900-დან 6 000 ლარამდე მერყეობს, 38 ტორშერიდან თითოეულის ფასი – 300-დან 4 000 ლარამდე, 49 ბრიდან – თითოეულის ფასი – 700- დან 2700 ლარამდე, 9 მაგიდის ლამპიდან – თითოეულის ფასი 1100-დან 1 500 ლარამდე, 7 ნათურა – თითოეულის ფასი 41,9 ევრო.