პრინცი ჰარი და მეგან მარკლი ვეღარ შეძლებენ სამეფო ტიტულებით სარგებლობას და ვეღარ მიიღებენ სახელმწფიო სახსრებს. ამის შესახებ ბუკინგემის სასახლის განცხადებაშია ნათქვამი, რომელსაც ამ წუთებში ბიბისი ავრცელებს.
სასექსის ჰერცოგმა და მისმა მეუღლემ ასევე განაცხადეს, რომ ბიუჯეტიდან უინძორში მათი სახლის რემონტზე დახარჯულ 2.4 მილიონ ფუნტს დააბრუნებენ. გარდა ამისა, ჰარი და მეგანი ვეღარ იქნებიან დედოფლის ოფიციალური წარმომადგენლები.
ათი დღის წინ ბრიტანეთის სამეფო ოჯახის წევრმა წყვილმა გაავრცელა განცხადება, რომ უარს ამბობენ სამეფო ოჯახის უფროსი წევრის სტატუსზე და შესაბამის ვალდებულებებზე, სურთ ჩვეულებრივი ადამიანების ცხოვრებით იცხოვრონ და ფინანსური დამოუკიდებლობა მოიპოვონ. ისინი გეგმავენ ორ ქვეყანაში – კანადასა და ბრიტანეთში იცხოვრონ.
ეს განცხადება ყველასათვის შოკი და მოულოდნელობა აღმოჩნდა. მათ შორის სამეფო ოჯახის წევრებისთვის, რომლებიც წყვილს წინასწარ არ გაუფრთხილებია. ამის შემდეგ ჰარი ბრიტანეთში ჩავიდა კანადიდან, სადაც ცოლ–შვილთან ერთად იმყოფებოდა. ის დედოფლის მიერ გამართულ ოჯახურ თათბირს დაესწრო.დედოფალმა სანდრინგემის სასახლეში სამეფო ოჯახის მაღალი რანგის წევრები შეკრიბა სამეფო ოჯახის ცხოვრებაში პრინცის და მეგანის მომავალი როლის განსასაზღვრად. შეხვედრის შემდეგ გავრცელდა განცხადება, რომ დედოფალმა მხარი დაუჭირა სასექსის ჰერცოგის და მისი მეუღლის სურვილს ახალი ცხოვრება დაიწყონ და უარი თქვან სამეფო ოჯახის უფროსი წევრების სტატუსით მოვალეობების შესრულებაზე.
“ჩვენ ვამჯობინებდით ისინი სამეფო ოჯახის სრულფასოვან წევრებად დარჩენილიყვნენ, თუმცა პატივს ვცემთ და გვესმის მათი სურვილის უფრო დამოუკიდებლად იცხოვრონ, და ამავე დროს დარჩნენ ჩვენი ოჯახის ფასეულ ნაწილად“– ნათქვამია დედოფლის განცხადებაში.
დედოფლის თქმით, შეხვედრაზე შედგა შეთანხმება გარდამავალი პერიოდის შესახებ, რომლის დროსაც ჰარი და მეგანი დროს კანადასა და ბრიტანეთში გაატარებენ.ასევე ითქვა, რომ ფინალური გადაწყვეტილება ამ საკითხში უახლოეს დღეებში იქნებოდა მიღებული. და ასეც მოხდა.
როგორც შაბათს საღამოს გავრცელებულ ბუკინგემის სასახლის განცხადებაშია ნათქვამი, ჰარის და მეგანს ესმით, რომ ამიერიდან მოუწევთ უარი თქვან სამეფო ვალდებულებებბის შესრულებაზე, მათ შორის არმიასთან დაკავშირებულ ოფიციალურ ღონისძიებებზე.
“ხანგრძლივი საუბრების და დისკუსიების შემდეგ მიხარია, რომ ერთად მოვძებნეთ კონსტრუქციული და მხარდაჭერის უზრუნველმყოფელი მიდგომა ჩემი შვილიშვილის და მისი ოჯახის შემდგომი ნაბიჯების მიმართ. ჰარი, მეგანი და არჩი ყოველთვის დარჩებიან ჩემი ოჯახის საყვარელ წევრებად. მთელ ჩემს ოჯახს იმედი აქვს, რომ დღევანდელი შეთანხმება საშუალებას მისცემს მათ დაიწყონ ბედნიერი და მშვიდი ახალი ცხოვრება“– ნათქვამია ელისაბედ მეორის განცხადებაში.
“ისინი აღარ მიიღებენ სახელმწიფო სახსრებს სამეფო მოვალეობების შესასრულებლლად. დედოფლის კურთხევით სასექსის ჰერცოგი და მისი მეუღლე განშაგრძობენ თავის კერძო პატრონაჟის ინიციატივების და კავშირების მხარდაჭერას.“–ნათქვამია განცხადებაში.
ბუკინგემის სასახლის განცხადებაში ნათქვამია, რომ არ აპირებენ გაასაჯაროვონ როგორ მოგვარდება ჰარის და მეგანის დაცვის საკითხი.
მანამდე ჟურნალისტები არაერთხელ დაინტერესდნენ, ვინდა როგორ აანაზღაურებს სამეფო ოჯახის წყვილის უსაფრთხოების უზრუნველყოფის ხარჯებს, განსაკუთრებით , თუ ისინი ბრიტანეთის საზღვრებს გარეთ იცხოვრებენ. ამჟამად მათ დაცვას ბრიტანეთის პოლიცია უზრუნველყოფს.