პრინცი ჰარი და მეგან მარკლი თვითიზოლაციაში არიან. წყვილის მიმართვა ინსტაგრამზე

პანდემიის გლობალურმა საფრთხემ გულგრილი ვერც სასექსის ჰერცოგი და მისი მეუღლე დატოვა. პრინცი ჰარი და მეგან მარკლი შვილთან, არჩისთან ერთად კანადაში, ვანკუვერის კუნძულზე მდებარე სახლში თვითიზოლაციაში არიან. ინსტაგრამის გვერდზე გავრცელებულ განცხადებაში ისინი ამბობენ: “ჩვენ გვჭირდება ერთმანეთის მხარდაჭერა, რათა თავი ნაკლებად მარტოსულებად ვიგრძნოთ დროში, რომელიც გულწრფელად რომ გითხრათ საკმაოდ საშიში ჩანს.“

ბრიტანეთის სამეფო ოჯახისგან განდგომილი წყვილი ყველას შეახსენებს, რომ მსოფლიოში ბევრი ადამიანია, ვისაც ამ მომენტში დახმარება ჭირდება. პირველ რიგში მათ, ვინც დაუღალავად მუშაობს ქუჩებში, საავადმყოფოებში, აფთიაქებში, მაღაზიებში და საწარმოებში. ადამიანები, ვისი სამუშაოც დაკავშირებულია კრიზისზე რეაგირების აუცილებლობასთან და ის ადამიანები, ვინც კულისებს მიღმა რჩება.

“ჩვენი მზადყოფნა, როგორც ხალხის, რომლებიც მზად არიან COVID19–ის საფრთხის და შიშის მიუხედავად ნაბიჯი გადადგან, ჟრუანტელის მომგვრელია. ეს მომენტი ყველაზე ნათელი დადასტურებაა ადამიანის სულის არსებობის. ის, თუ რა თანაგრძნობით და სიკეთით ვექცევით ჩვენს საზოგადოებას, ახლა ყველაზე მნიშვნელოვანია. უახლოესი კვირების განმავლობაში ეს იქნება ჩვენი სახელმძღვანელო პრინციპი“ – ნათქვამია წყვილის განცხადებაში.

ჰარი და მეგანი ამბობენ, რომ მუდმივად გაცვლიან ინფორმაციას და რესურსებს, რათა ყველას გაურკვეველ სიტუაციაში ორიენტირებაში დაეხმარონ. ისინი ქსელში ზუსტ ინფორმაციას და სანდო ექსპერტების მიერ მიწოდებულ ფაქტებს განათავსებენ. იზოლაციაში მყოფი წყილი დისტანციურად აპირებს ითანამშრომლოს ორგანიზაციებთან, რომლებსაც ადამიანების გონებრივი და ემოციური კეთილდღეობის მხარდაჭერა შეუძლიათ. ისინი საზოგადოებას მიაწვდიან ისტორიებს იმის შესახებ, თუ როგორ ერთიანდებიან ადამიანები საერთო სულისკვეთების ასამაღლებლად.

“ჩვენ ამაში ერთად ვმონაწილეობთ. როგორც გლობალურ თანამეგობრობას, ჩვენ შეგვიძლია ერთმანეთს ამ პროცესში დავეხმაროთ და ციფრული სამეზობლო შევქმნათ. ის ყოველ ჩვენგანს საშუალებას მოგვცემს თავი უფრო უსაფრთხოდ ვიგრძნოთ.“ – წერენ ჰარი და მეგანი.