კენსინგტონის სასახლის წარმომადგენლები მართლები აღმოჩნდნენ, როცა პაკისტანში დაგეგმილ კემბრიჯის ჰერცოგის და მისი მეუღლის ტურს ყველაზე რთული უწოდეს. თავდაპირველად პრობლემები შეიქმნა ლოჯისტიკასთან და უსაფრთხოების უზრუნველყოფასთან დაკავშირებით. დღეს კი ცნობილი გახდა, რომ გაუთვალისწინებელმა გარემოებებმა დამატებითი პრობლემები შექმნა.
გუშინ პრინცი უილიამი და ქეით მიდლტონი ლახორს ეწვივნენ, საიდანაც ისლამაბადში უნდა დაბრუნებულიყვნენ. უკანა გზაზე ფრენის დროს მედიის ინფორმაციით თვითმფრინავ, რომლითაც ბრიტანეთის სამეფო ოჯახის წევრები და ჟურნალისტები მგზავრობდნენ ძლიერ ჭექა–ქუხილში მოხვდა. დაგეგმილი 25 წუთის ნაცვლად თვითმფრინავი ჰაერში 2 საათს იმყოფებოდა.
თვითმხილველთა თქმით თვითმფრინავის ფრთებზე ელვა ხვდებოდა და თვითმფრინავი მთლიანად ზანზარებდა. ხომალდის მეთაური მის დასმას ორ სხვადასხვა აეროპორტში შეეცადა და ბოლოს უკან, ლახორში მოუწია დაბრუნება.წარმატებული დაფრენის შემდეგ პრინცი უილიამი მედიის წარმომადგენლების დამშვიდებას შეეცადა და იხუმრა, რომ თვითმფრინავს ის მართავდა. შეგახსენებთ, რომ რამდენიმე წლის წინ პრინცი სამედიცინო ავიაციის პილოტი იყო.