პრინცმა ენდრიუმ სექს სკანდალის გამო სამეფო უფლებამოსილებებზე უარი თქვა

უკვე ნახევარი წელია დასავლურ პრესაში არ ცხრება საუბრები დედოფალ ელისაბედის შუათანა შვილის, 59 წლის პრინცი ენდრიუს კავშირზე მილიარდერ ჯეფრი ეფშტეინთან. ამ წლის დასაწყისში ეფშტეინს ბრალი დასდეს ადამიანებით სექს–ვაჭრობაში და პედოფილიაში. მილიარდერი დააკავეს, რის შემდეგაც მან საგამოძიებო იზოლატორში თავი მოიკლა.

ამ ხმაურიანმა ისტორიამ პრინც ენდრიუსაც მიაყენა ჩრდილი, რომელიც მრავალი წელი ეფშტეინთან მეგობრობდა და როგორც ამბობენ, მისი მომსახურებითაც სარგებლობდა. ცოტა ხნის წინ დედოფლის შუათანა ვაჟმა განცხადება გაავრცელა, რომელშიც ნათქვამია რომ უარს ამბობს სამეფო ოჯახის წევრობის გამო დაკისრებულ საჯარო მოვალეობებზე და მიზეზიც განმარტა:

“ბოლო რამდენიმე დღის მანძილზე ჩემთვის ცხადი გახდა, რომ ჯეფრი ეფშტეინთან ჩემს მეგობრობასთან დაკავშირებული გარემოებები სერიოზულად უშლის ხელს ჩემს ოჯახს და მნიშვნელოვან საქმეს, რომელსაც ბევრ საქველმოქმედო ორგანიზაციაში ვახორციელებ და რომლებსაც ამაყად ვუჭერ მხარს. ამიტომაც ვკითხე მის უდიდებულესობას, შემიძლია თუ არა უარი ვთქვა ახლო მომავალში ამ მოვალეობების შესრულებაზე, რაზეც მან თანხმობა განაცხადა. “ – წერს პრინცი მის საჯარო მიმართვაში და ასევე აღიარებს, რომ წუხს თავის “გაუაზრებელ კავშირზე“ ჯეფრი ეფშტეინთან, ასევე თანაუგრძნობს მის ყველა მსხვერპლს.

“მისმა თვითმკვლელობამ ბევრი უპასუხო კითხვა დატოვა. ღრმად თანავუგრძნობ ყველას, ვინც მისი ქმედებებით დაზარალდა. მხოლოდ იმედი შემიძლია ვიქონიო, რომ დროთა განმავლობაში ისინი შეძლებენ ნორმალურ ცხოვრებას დაუბრუნდნენ. რა თქმა უნდა, მზად ვარ გამოძიებასთან ვითანამშრომლო ამ საქმესთან დაკავშირებით, თუ ეს საჭირო გახდება“- ამბობს პრინცი.

შეგახსენებთ, რომ ჯერ კიდევ 2015 წელს ეფშტეინის ერთ–ერთმა სავარაუდო მსხვერპლმა ვირჯინია ჯუფრემ განაცხადა, რომ მილიარდერი მას სექსუალურ მონობაში 16 წლის მანძილზე ამყოფებდა. ვირჯინიას თქმით ჯეფრი რეგულარულად აიძულებდა მაღალი საზოგადოების წარმომადგენელ მის მეგობრებთან სექსს, რომელთა შორის იყო პრინცი ენდრიუც.

ბუკინგემის სასახლის წარმომადგენლები პრინცი ენდრიუს მიმართ პედოფილიის ბრალდებებს უარყოფენ. რამდენიმე თვის წინ მათ ამ თემაზე ოფიციალური განცხადებაც კი გაავრცელეს, რომელშიც ნათქვამია, რომ დედოფლის ვაჟს არაფერი აქვს საერთო ეფშტეინთან დაკავშირებულ საქმეებთან. განცხადებაში უარყოფენ პრინცი ენდრიუს არასრულწლოვნებთან კავშირსაც.