რუსეთის პოლიციამ ოპოზიციის ლიდერი ალექსეი ნავალნი და 100-მდე სხვა ადამიანი დააკავა. ისინი გამოცემა “მედუზას” ჟურნალისტის, ივან გოლუნოვის დაკავებას აპროტესტებდნენ და იმ პოლიციელთა დასჯას ითხოვდნენ, რომლებმაც მათი აზრით, ჟურნალისტის დასაკავებლად ყალბი მტკიცებულებები შექმნეს. ჟურნალისტი მოულოდნელად, პროტესტამდე ერთი დღით ადრე გაათავისუფლეს.
არასამთავრობო ჯგუფი, რომელიც პოლიტიკურად მოტივირებულ დაკავებებს აღნუსხავს, ამბობს, რომ სამშაბათს სულ მცირე 94 ადამიანი დააპატიმრეს, მათ შორის, ზოგის წინააღმდეგ ძალა გამოიყენეს.
გამოცემა “მედუზის” გამომძიებელი ჟურნალისტი ივან გოლუნოვი მოსკოვში 6 ივნისს დააკავეს. მას ბრალი დიდი ოდენობით ნარკოტიკების რეალიზაციაში დასდეს, რაც რუსეთში 20 წლამდე თავისუფლების აღკვეთით ისჯება. პოლიციის მტკიცებით, ნარკოტიკები მის ბინაში აღმოაჩინეს. გოლუნოვი, რომელიც თავის მასალებში ქალაქ მოსკოვის მმართველების კორუფციულ გარიგებებს ამხელდა, ბრალდებებს უარყოფს. გოლუნოვს წინასწარი პატიმრობა შეუფარდეს და აგვისტომდე შინაპატიმრობის ხელწერილით გაუშვეს.
სამართალდამცავი უწყებების წარმომადგენლები ამბობენ, რომ მის წინააღმდეგ აღძრული საქმე დახურულია მტკიცებულებების ნაკლებობის გამო.
ივან გოლუნოვის დაკავებას კრიტიკით გამოეხმაურა რუსული პრესაც. სამი წამყვანი გაზეთი მსგავსი პირველი გვერდით დაიბეჭდა. რედაქტორები წერდნენ, რომ ჟურნალისტის წინააღმდეგ არებული ბრალდებები არ იყო სარწმუნო და მისი დაკავების გარემოებებიც ბევრ კითხვას აჩენდა იმის შესახებ, რომ ეს მის საქმიანობას უკავშირდებოდა.
საპროტესტო აქცია მოსკოვში ჟურნალისტსი გათავისუფლების მეორე დღეს მაინც გაიმართა. აქციის მონაწილეები დედაქაალქის ქუჩებში “რუსეთის დღეზე” გამოვიდნენ, რომელიც საჯარო დღესასწაულია. ხელისუფლება აქციის ორგანიზატორებს აფრთხილებდა, რომ ეს არასანქცირებული მიტინგი იყო და უსაფრთხოების გარანტიები ვერ იქნებოდა დაცული.