“რამდენიმე დღის წინ ერთი საგანგაშო ინფორმაცია მოვისმინე. მინდა, ეს კომპანია პირდაპირ დავასახელო – PSP. თითქოს, PSP-ს აფთიაქებში მომხმარებლის შეცდომაში შეყვანას აქვს ადგილი. მაგალითად, როცა მომხმარებელი შედის და კონკრეტული წამლის ყიდვას ითხოვს (ვიცი, რომ დავალებაა ასეთი, ეს ინფორმაცია არსებობს და ამას, რა თქმა უნდა, გადამოწმება სჭირდება) გამყიდველი ეუბნება – რომელი გნებავთ, ხარისხიანი ძვირიანი, თუ უხარისხო თურქული? ამას რა ჰქვია, თუ არა მომხმარებლის შეცდომაში შეყვანა. ეს პირდაპირ არის მტრობა. როგორ შეიძლება, ადამიანმა ასეთი უმსგავსობა ჩაიდინოს და ჩვენი პენსიონერები და გაჭირვებული ადამიანები შეცდომაში შეიყვანოს. ნებისმიერი პიროვნება, რა მნიშვნელობა აქვს, აფთიაქში ვინ შევა. ამას რეაგირება სჭირდება. მე ამის თაობაზე ბატონ ზურაბ აზარაშვილთან საუბარი მქონდა. მსგავსი ფაქტის განმეორების შემთხვევაში, თითოეულ ასეთ შემთხვევას ძალიან მკაცრი რეაგირება მოჰყვება. ეს არის კატეგორიულად დაუშვებელი და მიუღებელი. გასაგებია, რომ ეს 200 მილიონი ლარი, რომელიც მათ უნდა წაეღოთ, მათ შორის, ამ ჯგუფის ხელმძღვანელს – ეს მათთვის სასიამოვნო ინფორმაცია არ არის. მაგრამ ჩვენი მთავარი ვალდებულება, მინდა, ყველას  შევახსენო, მათ შორის ოპოზიციას, არის ხალხზე ზრუნვა. ამიტომ, ამ პროცესს ვერავინ შეაჩერებს. ახლა პარლამენტში გვაქვს შეტანილი ახალი კანონპროექტი, რომელიც დაახლოებით 40 პროცენტით გააიაფებს უკვე გაიაფებულ წამლებს. ჯამში, მოსახლეობა დიდ თანხებს დაზოგავს”.

ამის შესახებ, პრემიერმინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა.