პუტინის ელექტორალური რეიტინგი 18 წლიან მინიმუმამდე დაეცა

ფონდ “საზოგადოებრივი აზრი“ს მონაცემებით რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის საარჩევნო მხარდაჭერა 43%–მდე დაეცა. უახლოეს კვირა დღეს რომ საპრეზიდენტო არჩევნები გაიმართოს, ამომრჩევლის სწორედ ამდენი პრცენტი მისცემდა ხმას რუსეთის პრეზიდენტს. ეს არის ყველაზე დაბალი მაჩვენებელი, რომელიც სოციოლოგების მიერ ბოლო 18 წლის განმავლობაში დაფიქსირებულა. მხოლოდ 2001 წლის აპრილში ჰქონდა პუტინს ამაზე ოდნავ დაბალი რეიტინგი – 42%.

გარდა ამისა, კვლევის შედეგების მიხედვით შემცირდა რუსეთის იმ მოქალაქეების რიცხვი, ვინც თვლის რომ პუტინი პოსტზე კარგად მუშაობს. ივლისში ეს მაჩვენებელი 64% იყო, აგვისტოში კი 60%–ს შეადგენს. 27% ამბობს, რომ პრეზიდენტი ცუდად მუშაობს. 12%–ს კი უჭირს პასუხი.

36% ამბობს, რომ პრეზიდენტს ნაკლებად ენდობიან ბოლო ერთი თვის განმავლობაში. პრეზიდენტის მიმართ ნდობა მხოლოდ 15%–ში გაიზარდა. 49% ამ კითხვაზე არ პასუხობს.

ივლისის ბოლოს ლავადა ცენტრის სოციოლოგებმა დაადგინეს, რომ რუსების 38%–ს აღარ უნდა პუტინი 2024 წლის, ანუ ამჟამინდელი საპრეზიდენტო ვადის ამოწურვის შემდეგ პოსტზე დარჩეს.ფონდ “საზოგადოებრივი აზრის“ ანალიტიკოსის, გრიგორი კერტმანის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ფორმალურად პუტინის რეიტინგის ვარდნა თითქმის სტატისტიკური ცდომილების, ანუ 2.5%–ის ფარგლებშია, მონაცემები ცხადყოფს, რომ ხალხი უკმაყოფილებას გამოხატავს.

ის თვლის, რომ პრეზიდენტის რეიტინგის ვარდნა გამოიწვია როგორც ბუნებრივმა კატაკლიზმებმა (წყალდიდობებმა და ხანძრებმა ციმბირში), ასევე პროტესტმა მოსკოვში.

პუტინის რეიტინგის ვარდნა სწორედ მოსკოვში მიმდინარე მასობრივ პროტესტს დაემთხვა, რომელიც მოსკოვის დუმაში ოპოზიციური კანდიდატების რეგისტრაციაზე უარს მოჰყვა. ყოველ შაბათ დღეს ბოლო ხუთი კვირის განმავლობაში უკმაყოფილო მოსკოველები ქუჩებში გამოდიან, პოლიცია და სპეცრაზმი კი ასეულობით ადამიანს აკავებს.

კერტმანის აზრით, პუტინის რეიტინგის ვარდნა არა მხოლოდ პროტესტების მიმართ მხარდაჭერით არის გამოწვეული.

“არიან სრულიად ლოიალური ადამიანები, რომელთათვისაც სტაბილურობა უმაღლესი ფასეულობაა და მათთვის მასობრივი გამოსვლები და დემონსტრანტებისა და სამართალდამცავების შეტაკებები არასტაბილურობის განსახიერებაა. აქამდე პრეზიდენტის მხარდაჭერას დიდწილად ის განაპირობებდა, რომ ჩვენთან ეს არ ხდებოდა. ახლა კი ვხედავთ, რომ ხდება. გამოჩნდა არასტაბილურობის მაჩვენებელი კადრები და ეს ძლიერ განგაშს იწვევს ხალხში, უკმაყოფილება კი პირადად პუტინის მიმართ ჩნდება, რადგან ის ითვლება სტაბილურობის გარანტად ამ ქვეყანაში. პროტესტი – ტრიგერია. ნამდვილი მიზეზი კი ელექტორალური დაღლილობა და აუსრულებელი მოლოდინები საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ. 20 წელი ძალიან დიდი ვადაა“ – ამბობს პოლიტოლოგი კონსტანტინ კალაჩევი. მისი თქმით, მოქალაქეებში მწიფდება სისტემური ცვლილებების მოთხოვნა, ხელისუფლებას კი ამ ცვლილებების გენერირება არ შეუძლია.

ექსპერტები ვარაუდობენ, რომ პუტინის რეიტინგის ვარდნის ტენდენცია შენარჩუნდება, რადგან რუსეთის პრეზიდენტი ვეღარ ახერხებს მოქალაქეების გაოცებას, მეტისმეტად პროგნოზირებადი გახდა, საშინაო საქმეებს ვერ აგვარებს, საგარეო პოლიტიკის საკითხებით კი მოსახლეობის გულის მოგებას ვეღარ ახერებს. გარდა ამისა, პოლიტოლოგების აზრით მისი რეიტინგის ვარდნის მიზეზი თაობის ბუნებრივი ცვლაც გახდა და ეს პროცესი გაგრძელდება.