ხორბლის გვარში შემავალი 27 სახეობიდან, 14 საქართველოში გვხვდება, მათ შორის 5 ენდემურია. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, კოლხეთის ტერიტორიაზე ჩატარებული გათხრების შედეგად აღმოჩენილია ძვ. წ. V-IV ათასწლეულით დათარიღებული დანახშირებული ხორბლის მარცვლები, რაც საქართველოს ხორბლის კულტურის უძველეს კერად აქცევს.
2019 წლის 25 მარტს ქართული ხორბლის კულტურას, საქართველოს მთავრობის დადგენილებით, ეროვნული მნიშვნელობის კატეგორია განესაზღვრა.
როგორც სამინისტრო იუწყება, ქართული ხორბლის კულტურას, შესაძლოა, „იუნესკოს“ არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის გადაუდებელი დაცვის საჭიროების სტატუსი მიენიჭოს.
ენდემური ჯიშების დაცვის მიზნით, შექმნილია სამუშაო ჯგუფი, რომელიც ქართული ხორბლის მხარდამჭერი სახელმწიფო პოლიტიკის პროექტს და სტრატეგიულ სამოქმედო გეგმას შეიმუშავებს.