ქართული ოცნების დეპუტატი, დიტო სამხარაძე ფეისბუქზე ისევ იგინება და იმუქრება. ამჯერად მისი რისხვის ობიექტი სამოქალაქო აქტივისტები არიან, რომლებიც მისი აზრით მის შვილს აქილიკებენ. პარლამენტის წევრს ფეისბუქ პროფილის მთავარ ფოტოდ მისი 4 წლის ქალიშვილისა და ბიძინა ივანიშვილის ერთობლივი ფოტო უდევს, რის გამოც სამოქალაქო აქტივისტებმა გააკრიტიკეს. სამხარაძე თვლის, რომ შეურაცხყოფა მის შვილს მიაყენეს.
დიტო სამხარაძის რისხვის ერთ–ერთი ობიექტი მოძრაობა სირცხვილიას წევრი, შოთა დიღმელაშვილია. დიღმელაშვილი საკუთარ ფეისბუქ პროფილზე წერს დეპუტატთან დაპირისპირების პერიპეტიების შესახებ:
“გუშინ აჯანყებულ დეპუტატს, დიტო სამხარაძეს დავუწერე, პროფილის ფოტოდ ბიძინა რანაირად გიყენია ამ აჯანყებულ კაცს-მეთქი.
ამ სამარცხვინო ადამიანმა ეს გამოიყენა, დაბრალა, რომ ამ პროფილის ფოტოზე აგრეთვე მყოფ მის შვილს ვერჩი, დამაბრალა რომ “ბავშვს ვრევ პოლიტიკაში” (არც მიხსენებია არავინ ივანიშვილის გარდა! ისიც ბელადის კონტექსტში ვახსენე და მიემართებოდა პროფილზე კონკრეტულად ივანიშვილის ფოტოს დაყენების არჩევანს).
ახლა იმ მიზეზით, რომ “ოჯახი წმინდაა” დგას და იმუქრება. მისი ტროლები და ბოტები იმავე ცრუ ბრალდებას ავრცელებენ, იმუქრებიან და პირს იმყრალებენ.
თუ შეიძლება აჯანყებული მონა სპარტაკის როლის უნიათო შემსრულებელს გადაეცით, რომ ბავშვის მიმართ ნებისმიერი იერიში სულმდაბლობად მიმაჩნია, რომელიც მხოლოდ მის ბოტებს შეეფერება და ეს მხოლოდ სიტყვით კი არა, საქმით დამიმტკიცებია!
როცა მთაწმინდისკენ მსვლელობა გვქონდა ზაფხულში, გზად ჩვენი სისხლის დამღვრელი გახარიას სახლი უნდა გაგვევლო. მანიფესტანტებს საგანგებოდ ვთხოვეთ იქ არ ეყვირათ, მუსიკასაც ჩავუწიეთ და მდუმარედ გავიარეთ, რათა ჩვენი მშვიდობიანი პროტესტით ოჯახი არ შეგვეწუხებინა, მათთვის დისკომფორტი არ მიგვეყენებინა. ათასობით ადამიანიდან არავის ხმა არ ამოუღია!
მსგავსად ღირსეულად ოპონირების უნარი სამწუხაროდ არ აღმოაჩნდათ ხელისუფლების წარმომადგენლებს, როცა ოპონენტებს სახლთან მიუყარეს მოძალადე ტიტუშკები, ახლა კი ამ სიბინძურეს აქეთ მაბრალებენ.
აგრეთვე გადაეცით, რომ ბავშვის პოლიტიკაში გარევას თვითონ ცდილობს, პირველ რიგში მისი, პოლიტიკოსის, საჯარო პირის ანგარიშზე, მისი ბელადის გვერდით დაყენებით და მერე რამდენი ვინმე ბელადის მიმართ საყვედურს იტყვის, მომიზეზებით და სპეკულირებით, რომ ბავშვს ერჩიან. ნებისმიერი ექსპერტი ეტყვის, რომ ეს არაეთიკურია ბავშვის მიმართ. ზუსტად ესაა ბავშვის ჩარევა პოლიტიკაში, სარცხვინო, სულმდაბალი საქციელი საკუთარი ვიწრო პოლიტიკური მიზნების მისაღწევად.
ამ გოგონასთან ბოდიში მისი მამის გამო. საზოგადოება ვერ ვიყავით იმ სიმაღლეზე, რომ მისი მამა ძალაუფლების ადიქციისგან დაგვეცვა, ამ ძალაუფლების მსხვერპლები კი მამამისისგან. თუმცა მამის ცოდვებთან შვილები არაფერ შუაშია და გულწრფელად ვუსურვებ ბედნიერ ცხოვრებას.
უღირს მამას რომ ძალიან კარგად აღზრდილი და სამაგალითო შვილი შეიძლება ჰყავდეს, კუხიანიძის მაგალითზე ვნახეთ და დარწმუნებული ვარ ასეც იქნება!
პ.ს. დეპუტატის და მისი ბოტების საგმირო საქმეები კომენტარებშია, დარეპორტება თუ მოგინდათ.“– წერს დიღმელაშვილი.
პარლამენტის წევრი, დიტო სამხარაძე ფეისბუქზე არანორმატიული ლექსიკის ხშირი გამოყენებით გამოირჩევა. სამი კვირის წინ მან გინებით გაჯერებული პოსტი მიუძღვნა მიხეილ სააკაშვილს. შემდეგ პოსტში ბოდიში მოიხადა გინების გამო, თუმცა იმავე პოსტში, სადაც ბოდიშს იხდიდა ისევ შეიგინა.