“ქართველი ხალხი ცხვრის ფარა არაა“–ამერიკელი დიპლომატები საქართველოში განვითარებული მოვლენების შესახებ

21 ივნისს თბილისში გამართულ საპროტესტო აქციასა და დაპირისპირებაზე შეფასებები ამერიკაში რეგიონზე მომუშავე მიმომხილველებმა და თბილისის პარტნიორებმა გააკეთეს. ისინი, მაშინ როცა მხარეებს სიმშვიდისკენ მოუწოდებენ, ასევე აცხადებენ, რომ მთავრობის მხრიდან გადამეტებული ძალის გამოყნება მიუღებელია.
ამერიკის ერთ-ერთმა წამყვანმა დიპლომატმა და „ატლანტიკური საბჭოს“ გამორჩეულმა მკლევარმა დენ ფრიდმა, რომელიც სხვასახვა ადმინისტრაციის პირობებში, მათ შორის საქართველოს საკითხებზე მუშაობდა, მკაცრი შეფასება გააკეთა და აღნიშნა, რომ საქართველოს მთავრობისთვის ხუთშაბათს, თბილისში განვითარებული მოვლენები გაფრთხილება იყო.
„ქართულმა საზოგადოებამ აჩვენა, რომ ძლიერია და დამოუკიდებელია მთავრობისგან, ამაში იმას ვგულისხმობ, რომ როცა კი საქართველოს მთავრობა საზოგადოებას სასტიკად ექცევა, ქართული საზოგადოება ამას არ უშვებს. მე სააკაშვილზე ვსაუბრობ, რომელმაც თავისი ქვეყნისთვის ბევრი კარგი რამ გააკეთა, მაგრამ მე მახსოვს 2007 წლის დემონსტრაციები და მოგვიანებით გასაჯაროებული პოლიციის სისასტიკე და ციხეებში პატიმრებთან მოპყრობა. მაშინ, ქართველებმა ეს არ მიიღეს. იმ ქართველებმაც კი, ვინც მანამდე სააკაშვილს უჭერდნენ მხარს. ამ კუთხით საქართველო ბევრ ქვეყანას გავს, საქმე ეხება არა პოლიტიკურ არჩევანს, არამედ მთავრობის მხრიდან ისეთი დამოუკიდებლობის უგულვებელყოფას, როგორიც „ცარს“ ქონდა რუსი გლეხების მიმართ. თქვენ არ ხართ ასეთი ხალხი. მთავრობამ, როგორც გამოჩნდა პოლიციისთვის უფლების მიცემით, რომ დემონსტრანტებს გაკიდებოდნენ და მათთვის მძიმე დაზიანები მიეყენებინა, საკუთარი თავი ქართული საზოგადოების წინაშე ამ ზღვარის გადაკვეთის საფრთხის წინაშე დააყენა“, – თქვა ფრიდმა.
მან ხაზი გაუსვა, რომ საქართველოს მთავრობას მოსახლეობის წინაშე ანგარიშვალდებულია და რომ დემონსტრანტებზე უფრო მეტი პასუხისმგებლობა, ნაბიჯების გადადგმისას ეკისრება.
„მე პოლიტიკურ შეფასებას არ ვაკეთებ, ჩვენი საქმე არაა ქართული ოცნება იქნება სათავეში, თუ ნაციონალური მოძრაობა. ეს ქართველებმა უნდა გადაწყვიტონ, მაგრამ ქართველი ხალხი ცხვრის ფარა არაა. სამოქალაქო საზოგადოება საქართველოში ძლიერია. მე ვეთანხმები სახელმწიფო დეპარტამენტს, რომ ყველამ უნდა შეიკავოს თავი, მაგრამ პასუხისმგებლობა არაა თანაბარი. მთავრობას გარკვეული პასუხისმგებლობა აქვს. ჩემი საქმე არაა ვთქვა ვადამდელი არჩევნები უნდა ჩატარდეს თუ არა, ეს საქართველომ თავად უნდა გადაწყვიტოს. მაგრამ მე არ ვფიქრობ, რომ ავტორიტურალი “ძლიერი კაცის“ მოდელი საქართველოში უფრო იმუშავებს ვიდრე მაგალითად უკრაინაში ვიხილეთ. შეხედეთ რა გააკეთა იანუკოვიჩმა „მაიდანზე“, ჩვენ ამერიკელები არ მოველოდით რომ მას ჩამოაგდებდნენ, ჩვენ არ მოველოდით, რომ ის მაიდანზე ხალხს ესვროდა, ჩვენ გაგვაკვირვა იმან რაც მოხდა მოლდოვაში. რუსები ამბობენ, რომ ამერიკელები ვიყავით „ვარდების რევოლუციის“ უკან – ეს სრული სისულელეა. მე ვფიქრობ ხალხი, არა მარტო ქართველები, არამედ უკრაინელები, ქართველები თუ სხვები მათი მთავრობისგან მოითხოვენ, რომ მათ გულისხმიერებით მოეკიდონ. საქართველოს მთავრობას და ბატონ ივანიშვილს ეს უნდა ახსოვდეს. ავტორიტარები ახერხებენ გადარჩენას იქამდე, სანამ ერთ დღეს ეს არ შეიცვლება“, – ამბობს ფრიდი „ამერიკის ხმის“ ქართულ რედაქციასთან საუბარში.
მომხდარს შეცდომად აფასებს ასევე შეერთებული შტატების ყოფილი ელჩი საქართველოში უილიამ კორტნი. ის ამბობს, რომ მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის მასპინძლობა უჩვეულო გადაწყვეყილება იყო და ამასთანავე მთავრობამ უნდა გააცნობიეროს, რომ დემონსტრანტების წინააღმდეგ ძალის გადამეტება მოხდა.
„გულწრფელად გითხრათ, საქართველოს პარლამენტის მიერ მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის მასპინძლობა უჩვეულო გადაწყვეტილება იყო. პარლამენტების უმრავლესობა მსგავს გარეშე ღონისძიებას არ დაუშვებდა. დარწმუნებით ვერ ვიტყვი, მაგრამ ასეთი რამ არასდროს მსმენია. რაც შეეხება პარლამენტის სპიკერის გადადგომას, თავიდან ისეთი შთაბეჭდილება შეიქმნა, თითქოს მთავრობა ცვლილებებისთვის მზად არ იყო. თუმცა, შემდეგ, აქციის მონაწილეების და სამოქალაქო საზოგადოების ზეწოლის გათვალისწინებით, მთავრობამ რიგ დათმობებზე წასვლის გადაწყვეტილება მიიღო. ეს რა თქმა უნდა, სწორი ნაბიჯი იყო. ხელისუფლებამ ასევე უნდა გააცნობიეროს ის ფაქტი, რომ [აქციის მონაწილეთა წინააღმდეგ] იმაზე მეტი ძალა გამოიყენა, ვიდრე ეს მოცემულ მომენტში საჭირო უნდა ყოფილიყო. კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ ძალიან მნიშვნელოვანია ამ ეტაპზე, რომ მხარეებს შორის დიალოგი შედგეს. ის შეამცირებდა როგორც საკამათო საკითხებზე პოლარიზაციას, ასევე მომავალში – საპროტესტო აქციების ძალადობრივი ხასიათის რისკებს“, – ამბობს კორტნი.
კორტნი საუბრობს ასევე საპროტესტო აქციაზე ჟურნალისტებისთვის პროფესიული მოსავლეობის შესრულებებისას ხელის შეშლაზე და ხაზს უსვამს, რომ მთავრობას ამ კუთხით განსაკუთრებული პასუხისმგებლობა ეკისრება.
„დემოკრატიულ საზოგადოებაში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ ჟურნალისტებს საპროტესტო აქციებზე საკუთარი მოვალეობის შესრულება სასიცოცხლო რისკების გარეშე შეეძლოთ. როცა ძალადობას აქვს ადგილი, მთავრობას განსაკუთრებული პასუხისმგებლობა ენიჭება. მათ საგანგებო ზომები უნდა მიიღონ, რომ დაიცვან ჟურნალისტები და მათი უსაფრთხოება უზრუნველყონ“, -თქვა მან.
კორტნი მთავრობას სამოქალაქო საზოგადოებასთან და დემონსტრანტებთან დიალოგისკენ მოუწოდებს.

წყარო:ამერიკის ხმა