მიუსაფარ ბავშვთა თავშესაფრები საგანგებო მდგომარეობაზე გადავიდნენ. ამის შესახებ სოციალური მუშაკების განცხადებაშია ნათქვამი. განცხადების მიხედვით ე.წ. ქუჩაში მომუშავე და მცხოვრები ბავშვები ღამეს მეტროში ან №37 ავტობუსში ატარებე, სადაც მათი დაინფიცირების დიდი რისკია:
„საქართველოში არსებობს ბავშვზე ზრუნვის ალტერნატიული ზრუნვის ფორმები – მცირე საოჯახო ტიპის სახლები, მინდობითი აღზრდა და მიუსაფარ ბავშვთა თავშესაფრები. ყველა მათგანი არსებული ვითარების გამო საგანგებო რეჟიმზეა გადასული, რაც გულისხმობს იმას, რომ მცირე საოჯახო ტიპისა და მიუსაფარ ბავშვთა თავშესაფრებში გამოცხადებულია კარანტინი და 24 საათიანი მომსახურების მიმღები ბენეფიციარები(ბავშვები) გარეთ გასვლას ვერ ახერხებენ. თანამშრომლები 48 საათიანი შუალედებით მორიგეობენ. თითოეული პირის შესვლა თავშესაფრებსა და მცირე საოჯახო ტიპის სახლებში მკაცრად კონტროლდება, ხდება შენობების დეზინფექცია, რათა არ მოხდეს თავშესაფრებში მცხოვრები ბავშვების დაინფიცირება.
თუმცა, ამავე დროს მიუსაფარ ბავშვთა თავშესაფარში, გარდა 24 საათიანი მომსახურებისა, ფუნქციონირებს დღის ცენტრიც, რაც გულისხმობს მხოლოდ დღის მონაკვეთში არასრულწლოვნების ყოველდღიურ მომსახურებას ორჯერადი კვებით, ფსიქოლოგიური მომსახურების მიწოდებას/ორგანიზებას, საჭიროების შემთხვევაში, პირველადი სამედიცინო მომსახურების მიწოდებას. ამ ეტაპზე კი დღის ცენტრით მოსარგებლე ბავშვები ვერანაირ მომსახურებას ვერ იღებენ და ხშირად მათ არც ჭერქვეშ ღამის გათევის დარჩენის შესაძლებლობა აქვთ.
თავშესაფრის გარეშე დარჩენილი ე.წ. ქუჩაში მომუშავე და მცხოვრები ბავშვები ღამეს ან მეტროში ან N37 ავტობუსში ათენენ, სადაც ძალიან დიდი რისკია მათი დაინფიცირებისა. აღნიშნული ბავშვების უკვე თავშესაფარში წამოყვანაც შეუძლებელია, ვინაიდან მათ შესაძლოა თავშესაფარში მცხოვრები სხვა ბენეფიციარები დააინფიცირონ.
აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ მათი გადაყვანა შესაბამის სამედიცინო დაწესებულებაში კარანტინის მიზნით არ ხდება, ვინაიდან მათ ვირუსის დამახასიათებელი ნიშნები არ აღენიშნებათ.
ყველაზე სამწუხარო ფაქტი ამ შემთხვევაში ის არის, რომ საპატრულო პოლიციის მიერ ბავშვები იდენტიფიცირებისას არ არსებობს ადგილი, სადაც მათ წაყვანას და მათი საჭიროების უზრუნველყოფას შეძლებენ.
ჩვენთვის ცნობილია, რომ რამდენიმე დღის წინ აღნიშნული ერთ-ერთი თავშესაფრიდან გაიქცა არასრულწლოვანი გოგონა, რომლის უკან დაბრუნებაც საფრთხის შემცველია სხვა ბენეფიციარებისთვის, სანამ არ მოხდება მისი შემოწმება კორონავირუსზე. არასრულწლოვანი გოგონას პოვნის შემთხვევაში ისიც უცნობია თუ ვისთან ჰქონდა მას შეხება და სად იმყოფებოდა. რისკების თავიდან აცილებისა და არასრულწლოვნების თავშესაფრითა და სხვა ბაზისური საჭიროებების დაკმაყოფილების მიზნით აუცილებელია:
მოხდეს მიუსაფარ არასრულწლოვანთა განთავსება 2 კვირის მანძილზე საკარანტინო სივრცეში.
დაუყოვნებლივ შეიქმნას მათზე ზრუნვის ალტერნატიული ცენტრები, სადაც კარანტინის გავლის შემდგომ განთავსდებიან“, – ნათქვამია განცხადებაში.