ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარე ნიკოლოზ ლატარია თანამდებობას ტოვებს. ინფორმაციას ამის შესახებ ლატარია თავად ავრცელებს. როგორც ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარე ამბობს, მისი ეს გადაწყვეტილება ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს არ უკავშირდება.
“მინდა მოკლედ გაგაცნოთ ჩემი გადაწყვეტილება. ვტოვებ თანამდებობას. ეს გადაწყვეტილება არანაირად არ უკავშირდება მიმდინარე მოვლენებს და გთხოვთ არ დაუკავშიროთ იმას, რაც ხდება ჩვენს ქვეყანაში და ქალაქში, მე რამოდენიმე თვის უკან გავაჟღერე გუნდში წასვლა, მაგრამ მთხოვეს, წლის ბოლომდე დავრჩენილიყავი თანამდებობაზე. თხოვნა შევასრულე.
ღმერთმა იცის, გულით და სულით ვემსახურე ჩემს ქალაქს და რაც შემეძლო გავაკეთე. არც ერთხელ არ მიღალატია გუნდისთვის და მით უმეტეს, ქვეყნისთვის და ქუთაისისთვის. მაპატიოს ჩემმა ქუთაისლებმა, თუ მეტი ვერ შევძელი. იყო ამის მიზეზები და არ დავიწყებ ამაზე საუბარს. უზომოდ მიყვარს ჩემი ქალაქი და ჩემი სამშობლო, ამიტომ სხვა ფორმით გავაგრძელებ ვემსახურო მას”, – აცხადებს ლატარია.