რა ელის “მწვანე ბარათს“? ტრამპი ლეგალური იმიგრაციის გამკაცრებას ითხოვს

აშშ–ს პრეზიდენტს მწვანე ბარათის ლატარეის გაუქმება და „დამსახურებაზე დაფუძნებული“ სისტემით ჩანაცვლება უნდა. მას ასევე უნდა ჰუმანიტარული ვიზების განახევრება, როგორიცაა თავშესაფრის მოთხოვნა და ლტოლვილის სტატუსის მინიჭება.
ამერიკა ყოველწლიურად 1,1 მილიონ მწვანე ბარათს გასცემს. ეს ის დოკუმენტია, რომელიც ადამიანს ამერიკაში მუდმივი მაცხოვრებლის ლეგალურ სტატუსს და ამერიკაში მუშაობის ნებართვას აძლევს. ამ ბარათების უმრავლესობა ოჯახის გაერთიანების საფუძველზე მიიღება, რისთვისაც სპეციალური განათლება ან პროფესია სულაც არაა საჭირო.
ტრამპის წინადადება, რომელიც მისი თქმით, შემთხვევით შერჩევას გამორიცხავს, ქულების სისტემაზეა დაფუძნებული.
ამერიკის მეცნიერების ეროვნული საბჭოს ინფორმაციით, შეერთებულ შტატებში მეცნიერებისა და ინჟინერიის დარგში მომუშავე ადამიანების მესამედი ამერიკაში დაბადებული არ არის. პრეზიდენტ დონალდ ტრამპს ამერიკაში უფრო მეტი ასეთი ადამიანის ჩამოყვანა სურს.
„ლეგალური იმიგრაციის ახალი სისტემა, რომელიც ამერიკელების ხელფასებს დაიცავს, ამერიკულ ღირებულებებს წაახალისებს და მთელი მსოფლიოდან ყველაზე ჭკვიან ადამიანებს მოიზიდავს“, – განაცხადა პრეზიდენტმა ტრამპმა.
ადამიანმა ქულების სათანადო რაოდენობა ასაკის, ენის ცოდნის, განათლების, სამსახურის შეთავაზების ან ინვესტიციის ჩადების პირობით უნდა დააგროვოს. თითოეულმა პირმა ასევე უნდა ჩააბაროს გამოცდა ამერიკის ისტორიასა და მმართველობის სისტემაში.
დემოკრატებმა დამსახურებაზე დამოკიდებული ტრამპის გეგმა უკვე უარყვეს.
„რას ამბობენ (რესპუბლიკელები), რომ ოჯახის წევრები არ იმსახურებენ ჩამოსვლას? რას ამბობენ, რომ ადამიანები, რომლებიც ამ ქვეყანაში ოდესმე ჩამოსულან და ინჟინრის დიპლომი არ ჰქონდათ არ იმსახურებდნენ ჩამოსვლას?“ – აცხადებს აშშ-ს წარმომადგენელთა პალატის სპიკერი ნენსი პელოსი.
გარდა ამისა, პრეზიდენტის წინადადებაში არაფერია ნათქვამი 700 ათას, ეგრეთწოდებულ, მეოცნებეზე, რაც დემოკრატებისთვის მნიშვნელოვანი თემაა. ეს ის ადამიანები არიან, რომლებიც მშობლებმა ამერიკაში მაშინ ჩამოიყვანეს, როცა ისინი არასრულწლოვნები იყვნენ.
ექსპერტთა ნაწილი ფიქრობს, რომ ეს წინადადება კონგრესში მხარდაჭერას ვერ მოიპოვებს.
„ეს წინადადება კანონი არ გახდება. სიტყვით გამოსვლის ბოლოს ტრამპმა მიანიშნა, რომ თუ კონგრესი მისი პირველი ვადის დამთავრებამდე ამ კანონს არ მიიღებს, მაშინ ის ორივე პალატაში რესპუბლიკელების მიერ უმრავლესობის მოპოვებას დაელოდება. მაგრამ წინა ორი წლის განმავლობაში კონგრესის ორივე პალატას რესპუბლიკელები აკონტროლებდნენ და იმიგრაციასთან დაკავშირებით მან მაინც ვერაფერი გააკეთა“, – ამბობს დევიდ ბაიერი კატონის ინსტიტუტიდან.
პრეზიდენტის წინადადება ასევე არ ითვალისწინებს დაბალი კვალიფიკაციის მქონე მუშახელზე არსებულ დიდ მოთხოვნას.
„ის ინდუსტრიები, რომლებიც მუშახელის ნაკლებობას განიცდის, განსაკუთრებით არიან დამოკიდებული იმიგრანტებზე, იქნება ეს სოფლის მეურნეობა, მშენებლობა თუ მაგალითად ხორცის დაფასოება. მოთხოვნა ამ მიმართულებით განსაკუთრებით მაღალია და მიუხედავად იმისა, რომ კვალიფიცირებული მუშახელის ყოლა მნიშვნელოვანია, ის ჩვენს საჭიროებებს ვერ შეავსებს“, – აცხადებს რიკ სუ, ბუფალოს უნივერსიტეტიდან.
ამ ფონზე, პრეზიდენტი ტრამპი ამერიკა-მექსიკის საზღვარზე კედლის აშენებას კვლავ ითხოვს და ამასთან, საზღვრის გადაკვეთისთვის მოსაკრებლის დაწესება სურს, რომლითაც კედლის აშენებას დააფინანსებს.
წყარო: ამერიკის ხმა