რა კავშირი აქვს თბილისს ამერიკის 2020 წლის არჩევნებთან

ვინც თვალს ადევნებს შეერთებულ შტატებში მიმდინარე საპრეზიდენტო მარათონს, კარგად იცის, რომ მომავალ კვირას, აიოვაში დაგეგმილ კოკუსს, ძალიან დიდი მნიშვნელობა ენიჭება. შტატში 3 თებერვალს დაგეგმილ წინასაარჩევნო კენჭისყრაზე, დემოკრატი კანდიდატებით გადატვირთული გუნდის ლიდერი გამოიკვეთება. ტრადიციულად, აიოვის კოკუსი, ტონს მთელ შემდეგ არჩევნებს აძლევს.

ბოლო ერთი კვირაა, ამერიკულ მედიაში თბილისს, აიოვის კოკუსთან დაკავშირებით, ხშირად ახსენებენ. „კოკუსი კავკასიაში“ – ამ სათაურით გამოჩნდა 23 დეკემბერს სტატია „ნიუ-იორკ თაიმსში“. „შეუძლია თბილისს აიოვის კოკუსის საპრეზიდენტო მარათონის ბედი გადაწყვიტოს“? ასე დაასათაურა სამშაბათს სტატია „ამერიკის ხმის“ ჟურნალისტმა ბრაიან პადენმა.

სად თბილისი და სად აიოვის კოკუსი?

საქმე იმაშია, რომ პირველად ამერიკის არჩევნების და ასევე საქართველოს ისტორიაში, აიოვის კოკუსი თბილისშიც ჩატარდება. შტატის დემოკრატიულმა პარტიამ თბილისი (საქართველო), პარიზი (საფრანგეთი) და გლაზგო (შოტლანდია), საერთაშორისო სატელიტურ საარჩევნო უბნებად დაამტკიცა.

თბილისის საარჩევნო უბანს ჯოშუა კუჩერა უმასპინძლებს, ამერიკელი ჟურნალისტი, რომელიც საქართველოში ცხოვრობს და იქ მიმდინარე მოვლენებზე მასალებს სხვადასხვა მედია-საშუალებებს აწვდის. ჯოშუა წარმოშობით აიოვის შტატის ქალაქ დეს-მოინიდანაა. მან „ნიუ-იორკ თაიმსს“ უთხრა, რომ „ვერ ხედავს მიზეზს, თუ რატომ არ უნდა იყვნენ თბილისში აიოველები“.

ჯერჯერობით, თბილისის კოკუსზე 3 ადამიანია რეგისტრირებული. კითხვაზე, თუ რატომ გადაწყვიტა არჩევნების მასპინძლობა, ჯოშუა პასუხობს: „მე ამაყი აიოველი ვარ, აიოვისადმი ნოსტალგია მაქვს და მინდა, აიოვური საქმეები ვაკეთო“. „ამერიკის ხმას“ მან უთხრა, რომ თბილისში ჩატარებული აიოვის კოკუსის საინტერესო გამოცდილების შესახებ, აუცილებლად დაწერს და მასალას რომელიმე საინფორმაციო საშუალებას გაუგზავნის.

ხმის მიცემა ფეხით

აიოვის შტატის კოკუსი ტრადიციულ ხმის მიცემას არ ითვალისწინებს. შტატის მოქალაქეები საარჩევნო უბანზე მიდიან და კენჭისყრის დროს, თავს ჯგუფ-ჯგუფად ერთი კანდიდატურის გარშემო იყრიან. „კოკუსს მართლაც სწორედ ის გამოარჩევს, რომ ხალხი ხმას პირდაპირი მნიშვნელობით, ფეხით აძლევს“ – ამბობს კარენ კენდროვსკი, აიოვის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი.

მსგავსი არჩევნების დროს, ხშირად კომიკური სიტუაციები იქმნება. თუ ხალხი დააკლდათ, ჯგუფები ერთმანეთს ხელს უქნევენ და სთხოვენ, მათთან გადაინაცვლონ, ან სიტყვიერად დაარწმუნონ, რომ მათი კანდიდატი უმჯობესია.

3 თებერვალს, იმავე ღამეს, კოკუსს აწყობს აიოვის რესპუბლიკური პარტიაც. თუმცა, რესპუბლიკელებს საარჩევნო უბნების რაოდენობა წელს არ გაუზრდიათ. კენჭისყრა ძირითადად ფორმალურ ხასიათს ატარებს. საყოველთაოდ ცნობილია, რომ პრეზიდენტი დონალდ ტრამპი საკმარისზე მეტი პოპულარობით სარგებლობს, რომ დაამარცხოს დანარჩენი ორი რეგისტრირებული კანდიდატი: ყოფილი რესპუბლიკელი კონგრესმენი ჯო უელში და მასაჩუსეტსის ყოფილი რესპუბლიკელი გუბერნატორი ბილ უელდი.

99 ახალი საარჩევნო უბანი

წელს აიოვას ჯამში 99 ახალი საარჩევნო უბანი ექნება, სადაც შტატის დემოკრატებს რეგისტრირება და რჩეული დემოკრატი კანდიდატისთვის ხმის მიცემა შეეძლებათ. ახალი უბნის დარეგისტრირებას, წინ საკმაოდ ხანგრძლივი პროცესი უძღვის. ორგანიზაციებმა და ინდივიდუალურმა პირებმა, ვისაც მისი მასპინძლობა სურს, დოკუმენტებით უნდა დაასაბუთონ, რომ ახლო რადიუსში აიოვის შტატის მოქალაქეები და თან რეგისტრირებული დემოკრატები, ნამდვილად ცხოვრობენ.

პარტიის ისტორიაში წლევანდელი კოკუსი „ყველაზე ხელმისაწვდომი“ იქნება, თქვა ტროი პრაისმა, შტატის დემოკრატიული პარტიის თავმჯდომარემ. თუმცა, აიოვამ არ დაამტკიცა ე.წ. „ვირტუალური კენჭისყრის“ ინიციატივა, რომელიც ამომრჩევლებს საშუალებას მისცემდა, ხმა ინტერნეტის საშუალებით მიეცა.

წყარო: ამერიკის ხმა