როგორია ბოლნისიდან თბილისში გადმოყვანილი COVID 19-ით ინფიცირებული ორსული ქალის მდგომარეობა

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილის პაატა იმნაძის განმარტებით, ბოლნისიდან კორონავირუსით ინფიცირებული ორსული ქალის თბილისში მხოლოდ იმიტომ გადამოიყვანეს, რომ ორსულია.

მისი თქმით, ქალის მდგომარეობა ამ ეტაპზე დამაკმაყოფილებელია.

,,ჩვენი ჯგუფები მუშაობენ მუდმივად მარნეულისა და ბოლნისის რაიონებში და ყველა კონტაქტის გამოკვლევა მიმდინარეობს. ასევე ნებისმიერი შესაძლო შემთხვევის გამოკვლევა. ეს ქალბატონი სწორედ ასე ჩვენი ჯგუფის მიერ იქნა აღმოჩენილი. მისი მდგომარეობა არის დამაკმაყოფილებელი, უბრალოდ ორსულია და ამიტომ გადმოვიყვანეთ თბილისში,” – განაცხადა იმნაძემ.

ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, ქალის მდგომარეობა საყურადღებოა, ის მარნეულელი პაციენტის ახლო ნათესავია.

სამედიცინო უნივერსიტეტის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის კლინიკური დირექტორის ლალი ტურძელაძის თქმით, ის აზერბაიჯანელია, ამიტომ ენის ბარიერი არსებობს. თუმცა ტურძელაძე აღნიშნავს, რომ ბარიერი დაიძლევა და ქალი კონტაქტების შესახებ გამოიკითხება.

ორსულ ქალს ბოლნისში სწრაფით ტესტით COVID 19 დაუდგინდა. შედეგები ლუგარის ლაბორატორიაში გადამოწმდება.