“რამდენი ხის აღმოჩენას ელოდებით კოსმოსში?“–აშშ–ს კოსმოსური ძალების ახალ ფორმას სოციალურ ქსელებში დასცინიან

აშშ–ს კოსმოსურმა ძალებმა ახალი ფორმის ნიმუში გამოაქვეყნა, რასაც სოციალურ ქსელებში დიდი აჟიოტაჟი და დაცინვა მოჰყვა. ის ჩვეულებრივი სამხედროს საზაფხულო ფორმისგან დიდად არ განსხვავდება, შესაბამისად, ქსელების მომხმარებლებმა დასვეს კითხვა, ასეთი ფორმით ვის უნდა დაემალონ კოსმოსში.

“მესმის, რომ ძნელი გასაცნობიერებელია, მაგრამ მარცხნივ ახალი ფორმის ფოტოა, მარჯვნივ კი ღია კოსმოსის. ყურადღებით შეადარეთ და იპოვეთ განსხვავება“ წერს მეცნიერი ჯეი რეჰლინგი ტვიტერში.

საპასუხოდ აშშ–ს კოსმოსური სააგენტო შეეცადა განემარტა, რომ უბრალოდ ისინი იყენებენ სამხედრო საჰაერო ძალებში უკვე არსებულ ფორმას და ამგვარად ახალი ფორმის შემუშავებაზე და შეკერვაზე თანხებს ზოგავენ. გარდა ამისა, სამხედროები ამბობენ, რომ კოსმოსური ძალების სამხედროები დედამიწაზე განსაკუთრებით არ უნდა გამოირჩეოდნენ სხვა ტიპის სამხედროებისაგან.

ამის მიუხედავად, სოციალურ ქსელებში დაცინვები და ხუმრობა არ შეწყეტილა.

“რამდენი ხის აღმოჩენას ელოდებით კოსმოსში?“– წერს კომედიური ჟანრის მწერალი, ჯეიმს ფელტონი ტვიტერში.

“ღია კოსმოსში ვერავინ გაიგებს, რამდენად სასაცილოები ხართ“ – წერს მწერალი და პროდიუსერი კრეიგ მეიზინი.

ტელეწამყვანი რიჩარდ ჩემბერსი კი პენტაგონს ურჩევს კოსმოსისთვის უფრო შესაფერისი სამოსი მოძებნონ და მაისურის ფოტოსაც სთავაზობს:

“ძალიან იმედგაცრუებული ვარ მწვანე ფერით. აი, ასეთი შეფერილობა უფრო კარგი კამუფლაჟი იქნება კოსმოსისთვის“ – წერს ის ტვიტერში.


ახალი კოსმოსური ძალების შექმნის შესახებ დონალდ ტრამპმა გასული წლის დეკემბერში ვაშინგტონთან მდებარე სამხედრო ბაზაზე გამოაცხადა. მან თქვა, რომ კოსმოსური ძალების მიზანი სამხედრო მოქმედებების უახლეს თეატრში აგრესიის შეჩერებაა.

სხვათა შორის, შეიარაღებული ძალების ახალი სახეობა, რომელიც სამხედრო საჰაერო ძალების ქოლგის ქვეშ შეიქმნა, სულაც არ არის განკუთვნილი ორბიტაზე კოსმოსური დესანტის გასაგზავნად.

უფრო მეტად მის ამოცანებში შედის ასობით ამერიკული თანამგზავრის და კავშირის და მეთვალყურეობის საშუალებების დაცვა.

კოსმოსურ ძალებში დაახლოებით 16 000 სამხედრო და სამოქალაქო პირი იქნება. პირველივე წელს კოსმოსური ძალებისთვის 40 მილიონი დოლარი გამოიყო.