რას ურჩევს პატრიარქი ბაღდათში ხანძრის დროს გარდაცვლილი ბავშვების მამას

საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი, ილია მეორე გამოეხმაურა ბაღდათში მომხდარ ტრაგედიას, რომელმაც 6 ადამიანის, მათ შორის 4 მცირეწლოვანის სიცოცხლე იმსხვერპლა.

„3 თებერვლის ღამით ნარგიზ და იმედა გორგოძეების ოჯახში მომხდარი ტრაგედია იმდენად დიდია, რომ სიტყვები უფერულდება მწუხარების გამოსახატად.

აღვავლენთ ლოცვებს პატარა ტარიელის, გენადის, როსტომისა და თეას, მათი დედის, – ქალბატონ ნარგიზის და მეზობლის, – ქალბატონ მატულის უკვდავ სულთათვის, რათა უფალმან სავანესა მართალთასა დააწესონ იგინი და მარადიული ნეტარება მიანიჭოს, ხოლო თქვენ მოგმადლოთ მშვიდობა და ჭირსა შინა სიმტკიცე.

თქვენი სიცოცხლე და ლოცვითი შეწევნა ძალიან სჭირდებათ იმქვეყნად წასულ თქვენს ახლობლებს, განსაკუთრებით ორმოცი დღის განმავლობაში.

გამხნევდით და გაძლიერდით.

ამასთან, ვთხოვთ მეუფე ანტონს, ეპარქიის სამღვდელობამ თავის მოსახსენიებელში შეიტანოს გარდაცვლილთა სახელები“ – წერია საპატრიარქოს მიერ გამოქვეყნებულ სამძიმრის წერილში.

შეგახსენებთ, რომ ბაღდათში ხანძრის შედეგად, ექვსი ადამიანი გარდაიცვალა. დაღუპულია ფეხმძიმე დედა ოთხ მცირეწლოვან შვილთან ერთად. ასევე დაიღუპა ოჯახის ახლობელი ქალი.