ცნობილია, რომ ჩვეულებრივი პომიდორი, რომლებსაც მაღაზიაში ვყიდულობთ არც ისე გემრიელია. მიზეზი აქამდე მთლად გასაგები არ იყო. ცოტა ხნის წინ კი გენეტიკოსებმა აღმოაჩინეს, რომ ტომატის დნმ–ს ის ნაწილი, რომელიც პომიდორს საგემოვნო თვისებებს აძლევს, პომიდვრის თანამედროვე სახეობების 93%–ში არ არსებობს.
“რამდენჯერ მოგისმენიათ წუხილი იმის შესახებ, რომ მაღაზიაში ნაყიდი პომიდორი ბოსტანში მოყვანილს ვერც შეედრება?“– ამბობს კლიფორდ ვეილი, ბრიტანეთის ნაციონალური სამეცნიერო ფონდის მცენარეული გენომების კვლევის პროგრამის დირექტორი.“ ჩვენი კვლევა გვაძლევს პასუხს ამ მოვლენის მიზეზებზე და გვაძლევს იმედს, რომ შევძლებთ პომიდრვრის ახალი სახეობების გამოყვანას უკეთესი თვისებებით“
მეცნიერთა საერთაშორისო ჯგუფმა მოაგროვა მონაცემები პომდვრის კულტივირებულ და ბუნებრივი გზით მზარდ 725 სორტის გენომის შესახებ. შემდეგ კი ეს მონაცემები პანგენომში გააერთიანა, რომელიც ყველა სორტის გენეტიკურ მახასიათებელს აერთიანებს. შემდეგ ეს პანგენომი კულტივირებული სორტის – Heinz 1706 –ის გენომს შეადარეს.
დეტალურმა ანალიზმა აჩვენა, რომ Heinz 1706–ის საკონტროლო გენომს თითქმის 5 ათასი გენი აკლია, რომლებიც სხვა პომიდვრებს გააჩნიათ. სწორედ ეს არარსებული გენები აძლევენ პომიდორს უნარს პათოგენებს მოერიოს.
პომიდორმა ეს გენები არა გენური მოდიფიკაციების შედეგად დაკარგა, არამედ სტანდარტული ძველმოდური სელექციისას, როცა პომიდვრის გამომყვანები ცდილობდნენ ის თვისებები გაემყარებინათ, რომლებიც სხვადასხვა დაავადებების მიმართ მის მდგრადობას განაპირობებს.
“პომიდვრის მოყვანისა და სელექციისას ძირითადად ყურადღებას აქცევდნენ ისეთ თვისებებს, როგორც არის ზომა და გამძლეობა ხანგრძლივი შენახვისას. ამიტომაც ზოგიერთი გენი, რომლებიც ნაყოფის მნიშვნელოვან თვისებებს და სტრესფაქტორებისადმი მათ მდგრადობას განაპირობებს, დაიკარგა.“– ამბობს კორნელის უნივერსიტეტის გენეტიკოსი ჟანჩჟუნ ფეი.
ამ წარსულში უცნობი გენების აღდგენამ შესაძლოა მეცნიერებს მომავალში პომიდვრის უფრო გემრიელი ჯიშების გამოყვანის საშუალება მისცეს.
“ეს ახალი გენები მემცენარეებს საშუალებას მისცემს პომიდვრის ელიტური სორტები შექმნან, რომლებიც იმ დაავადებების მიმართ გამძლეობით იქნებიან გამორჩეული, რომელთა წინააღმდეგ ახლა პესტიციდების საშუალებით იბრძვიან“– ამბობს კორნელის უნივერსიტეტის მოლეკულური ბიოლოგი ჯეიმს ჯიოვანონი.
გენომურმა ანალიზმა ასევე გამოავლინა გენის იშვიათი ფორმა, რომელიც პომიდორს უნიკალურ გემოს ანიჭებს. როგორც გაირკვა, ველურად მზარდი პომიდვრის სორტების 93%–ში ეს გენი არსებობს. მისი სახელწოდებაა TomLoxC და ის ხელს უწყობს კარატინოიდების, ანუ პიგმენტების გამომუშავებას, რომლებიც პომიდორს სიწითლეს აძლევს და საგემოვნო თვისებებს მატებს.
უკვე ახლა ბევრი მემცენარე, განსაკუთრებით აშშ–ში TomLoxC გენის გამოყენებას იწყებს პომიდვრის ახალი სორტების გამოყვანისას. ადრე ეს იშვიათი გენი მხოლოდ პომდვრის სორტების 2%–ში იყო, ახლა კი უკვე 7%–ში გვხვდება, რაც იმას ნიშნავს, რომ თანდათანობით მაღაზიის დახლებზე სულ უფრო მეტი გემრიელი პომიდორი გამოჩნდება.