ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ გუშინ განცხადება გააკეთა, რომ საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობის პიკს აპრილის პირველ რიცხვებში ელოდებიან. ტელეკომპანია “იმედის” ეთერში მას ამ განცხადების განმარტება მოუწია, თუ რატომ ელოდებიან პიკს მაინც და მაინც აპრილის დასაწყისში.
„ზოგადად, პიკის დაახლოებას ანგარიშობენ სხვადასხვა სიმულაციებით. ჩვენი სტრატეგია თავიდანვე იყო, რომ ვემზადებოდით უფრო რთული სცენარისთვის. იმისათვის, რომ შეგვძლებოდა ამას გავმკლავებოდით საუკეთესო ხარისხით. სწორედ ეს იყო ამ განცხადების რეალური მიზეზი, რატომაც მე ეს გავაკეთე, თუმცა ამას ედო გარკვეული საფუძვლები. დღეისთვის, კარანტინის სივრცეებში გვყავს 4500 ადამიანი. ასევე, გვყავს სტაციონარში პაციენტები, რომლებიც დადასტურებული COVID-19-ით არიან და ეს პაციენტები სწორედ კარანტინის ზონიდან გადმოდიან. შესაბამისად, ეს გვაძლევს იმის თქმის საფუძველს, რომ გარკვეული პიკური რიცხვი, ან ვირუსის გამოვლენის რიცხვი სავარაუდოდ აპრილის პირველ კვირაში იქნება. კარანტინში მყოფი პირების 2-კვირიანი პერიოდი სწორედ ამ პერიოდში გადის. შესაბამისად, მათი მოცულობიდან გამომდინარე, ყველაზე დიდი მოლოდინი, რომ გამოგვივლინდეს ინფიცირების უმაღლესი რიცხვი არის სწორედ აპრილის პირველი დღეები“, – აცხადებს ეკატერინე ტიკარაძე.
მეორე მიზეზი კი სადაც შეიძლება ვირუსის გამოვლენის პიკი იყოს არის მარნეულის რეგიონი, სადაც 160 000 ადამიანზე მიმდინარეობს დაკვირვება. თუმცა მინისტრი განმარტავს, რომ ამ რეგიონში სამედიცინო პერსონალი საკუთარი ჯანმრთელობის ფასად აქტიურად მუშაობს და მოსახლეობაში კორონავირუსისთვის დამახასიათებელი სიმპტომის გამოვლენის შემთხვევაში დროულ რეაგირებას მოახდენს.