რატომ კანკალებს მერკელი. გერმანული მედია კანცლერის ჯანმრთელობის მდგომარეობას იკვლევს

27 ივნისს ანგელა მერკელი იუსტიციის ახალი მინისტრის დანიშვნის ცერემონიალს ესწრებოდა, როცა პრეზიდენტ ფრანკ ვალტერ შტაინმაიერის სიტყვით გამოსვლის დროს ჟურნალისტებმა შეამჩნიეს, რომ ის კანკალებდა. ორი კვირის განმავლობაში ასეთი უკონტროლო კანკალის შემთხვევა მედიის თვალწინ მერკელს უკვე მეორედ ჰქონდა. პირველად საჯაროდ გერმანიის კანცლერი 18 ივნისს, უკრაინის პრეზიდენტთან შეხვედრისას აკანკალდა.

გერმანული მედია ცდილობს გამოიცნოს, რა ხდება. პირველ ჯერზე მერკელმა კანკალი იმით ახსნა, რომ ცხელოდა და ძალიან უნდოდა წყალი. ამჯერად კანცლერის საქმეთა სამმართველომ მომხდარი სიტყვაძუნწად შეაფასა და თქვა, რომ მერკელი თავს კარგად გრძნობს და დიდი ოცეულის სამიტში მონაწილეობის შემდეგ 30 ივნისს ევროკავშირის სამიტში მონაწილეობას გეგმავს.

გერმანული მედია რამდენიმე ვერსიას ავითარებს იმის შესახებ, რა ჭირს მათ კანცლერს.

ფსიქოლოგიური მიზეზები
როგორც მედიის ნაწილი სამთავრობო წყაროებზე დაყრდნობით წერს, კანკალის მეორე შეტევის მიზეზი ფსიქოლოგიური იყო. “წინა ინციდენტის გახსენებამ ახალი კანკალი გამოიწვია. ეს ფსიქოლოგიური პროცესია.“ – წერს Sueddeutsche Zeitung. ავტორი აღნიშნავს, რომ მაღალჩინოსან გერმანელ პოლიტიკოსებს პირადი ექიმები არ ყავთ. “კარგია, რომ კანცლერის აპარატის უფროსი ჰელგე ბრაუნი განათლებით ანესთეზიოლოგი და რეანიმაციის ექიმია“– წერს გაზეთი.

სტრესული სამუშაო
“როცა მერკელი კანკალს იწყებს, სეირის მოყვარულები ხარობენ“ – ასეთი სათაურით აქვეყნებს სტატიას მემარჯვენე ცენტრისტული გამოცემა Frankfurter Allgemeine Zeitung.
“ხელისუფლებაში ყოფნის 14 წლის მანძილზე მერკელმა აჩვენა გამძლეობა – ფიზიკურიც და ფსიქოლოგიურიც. შეიძლება თუ არა დავუშვათ, რომ მძიმე დატვირთვა, რომელიც მის თანამდებობას ახლავს თან უკვე აისახება მასზე?“ – კითხულობს ჟურნალისტი და დასძენს, რომ ზოგადი კომენტარები, როგორიც არის მაგალითად “კანცლერი კარგად არის“ საკმარისი აღარ არის, მერკელის თანამდებობის მნიშვნელოვნებიდან გამომდინარე.
ჟურნალისტების ნაწილი თვლის, რომ დაუშვებელია კანცლერი კანკალებდეს. “როცა კანცლერი კანკალებს, ესეიგი სახელმწიფო კანკალებს. კანცლერს რკინის ჯანმრთელობა უნდა ქონდეს. ის გამთენიისას დგება და გვიან ღამემდე მოლაპარაკებები აქვს. თითქმის არ სძინავს. ჩვენი კანცლერი ნერვების, ვენებისა და კუნთებისგან შედგება. თუმცა მას გული და სულიც აქვს“ – ლერს Bild-ის ჟურნალისტი ფრანც იოზებ ვაგნერი და ურჩევს მერკელს უფრო დიდხანს დარჩეს საწოლში. კანკალის შესაძლო მიზეზად გამოცემა ორგანიზმში სითხის ნაკლებობას ან ჰიპოგლიკემიურ შოკსაც ასახელებს.

მერკელი წასასვლელად ემზადება?

ის, რომ მერკელი საჯაროდ უკვე ორჯერ აკანკალდა მის ჯანმრთელობაზე სერიოზული მსჯელობის მიზეზი გახდა. “ხომ არ დგას ამ ყველაფრის უკან არა მხოლოდ გადატვირთული გრაფიკი და გადაღლა, არამედ რამე უფრო სერიოზული? და ხომ არ უნდა ვიფიქრიოთ, როგორც ერთმა მნიშვნელოვანმა პოლიტიკოსმა ივარაუდა ქრისტიან–დემოკრატიული კავშირიდან მის ნაადრევ წასვლაზე?“– კითხულობს გამოცემა Tagesspiegel.
სერიოზული დაავადება?
ლიბერალური ყოველკვირეული გამოცემა Focus ექიმებთან მერკელის სიმპტომების განხილვის შემდეგ წერს, რომ არ არის გამორიცხული სერიოზული დაავადება.
18 ივლისის შემდეგ, როცა მერკელი პირველად აკანკალდა გერმანიის ოჯახის ექიმების ასოციაციის ხელმძღვანელმა, იაკობ ბერგერმა განაცხადა, რომ დიდი შეშფოთების მიზეზს ვერ ხედავს. თუმცა ახლა უკვე თვლის, რომ სიმპტომების განმეორების შემდეგ სასწრაფოდ არის მოსაძებნი სამედიცინო ახსნა.
“ისეთი ადამიანი, როგორიც არის ანგელა მერკელი, რომელიც მუდმივად მუშაობს და ღონისძიებიდან ღონისძიებაზე დარბის, შესაძლოა ამ სიმპტომებს მალავდეს, თუმცა ექიმებმა უნდა აიძულონ ინფორმაცია გაამჟღავნოს.“– ამბობს ის.