ბიზნესმენი ლევან ვასაძე სკანდალურ განცხადებას აკეთებს და ამბობს, რომ წელს აპრილში ივანიშვილი მას სახლში ესტუმრა და რაღაც სთხოვა, წინადადებაც შესთავაზა. ლევან ვასაძემ ეს განცხადება ვერის პარკში დღეს საღამოს გააკეთა, როცა ფილმის– “და ჩვენ ვიცეკვეთ“ გასაპროტესტებლად შეკრებილ თანამოაზრეებს მიმართავდა. ვასაძე ივანიშვილზე გაბრაზებულია იმის გამო, რომ გუშინ ფილმის პრემიერის ჩაშლის საშუალება არ მიეცა. ვასაძე არ აკონკრეტებს, რა თხოვა მას ბიძინა ივანიშვილმა და რა შეთანხმება შედგა მათ შორის:
“ბიძინა მე არ მიყვარს მიკიბულ მოკიბული ლაპარაკი, თამაში, ქვეშვქვეშაობა და ახლა რასაც ვიტყვი იქნება სრული პატივისცემით კაცობის კოდექსის მიმართ. როდესაც შენ ჩემთან სახლში მოხვედი გასულ აპრილს რაღაცა სათქმელით, რაღაცა წინადადებით, რაღაცა სათხოვარით, როდესაც ეს საუბარი ჩვენში შედგა და მერე შენივე წინადადებით გაგრძელდა შენთან სახლში, იმავე თვეში, დიდ მარხვაში და ამასაც მე ვაცხადებ საჯაროდ მხოლოდ იმიტომ, რომ მიუხედავად იმისა, რომ მე და შენ შევთანხმდით რომ ჩვენს შეხვედრას არ გავასაჯაროვებდით, მეორე თუ მესამე დღეს არ ვიცი რა მანქანებით და რანაირად ამ ჩვენი შეხვედრის ფაქტი გაჟღერდა ქართულ პრესაში. მე და შენ ვკითხეთ ერთმანეთს ვისი ბრალი იყო ეს, ვთქვით რომ ეს პირობა არ დაგვირღვევია, მაგრამ საჯარო ფაქტი იყო ეს. და იმიტომ რომ ეს ფაქტი ცნობილი არის მე ეხლა ამ შეხვედრების შინაარსს რა თქმა უნდა არასოდეს არ გავასაჯაროებ, რა თქმა უნდა ჩვენი საუბარი არ ჩამიწერია, იმიტომ რომ სტუმარი ღვთისაა და იმედია შენც მასე მოიქეცი, კუბრომდე მივიტან ამ საუბრის შინაარსს, ისევე როგორც ყველა კაცური პირისპირი საუბრის შინაარსს, იმიტომ რომ მე პატივს ვცემ იმ კოდექსს, რომელშიც მე გავიზარდე. მაგრამ ეხლა რო არ იყოს არავითარი საიდუმლოებები და მაიმუნობები, გულწრფელად, საჯაროდ გეუბნები, რომ შენ აღარ გაქვს უფლება საქართველოს ხელმძღვანელობისა მას მერე რაც შენი ხელმძღვანელობით მოხდა გუშინ თბილისში , ამიტომ წადი ბიძინა პოლიტიკიდან. დარჩი ქვეყანაში, აშენე კურორტები, იყავი ქველმოქმედი კაცი, აკეთე მილიონი კეთილი საქმე რაც გიკეთებია და რისთვისაც მადლობელი ვარ, მაგრამ ადამიანი, რომლის მმართველობის დროსაც ასეთი რამ მოხდება აღარ უნდა იყოს მმართველი ქვეყნისა. ამიტომ ჩემი აზრით ბიძინა ივანიშვილი უნდა გადადგეს ქართული ოცნების ხელმძღვანელობიდან, უნდა დაინიშნოს ვადამდელი საპრლამენტო არჩევნები, და უნდა გაიმარჯოვის იმ ხალხმა, ვინც მიიღებს დემოკრატიული გზით ხმათა უმრავლესობას.“– აცხადებს ვასაძე.
ინფორმაცია ივანიშვილის და ვასაძის შეხვედრის შესახებ მედიაში რამდენიმე თვის წინ გავრცელდა. თუმცა ამ ინფორმაციას არავინ ადასტურებდა. ვასაძის მიერ დასახელებული შეხვედრის დრო საგაზაფხულოდ მის გააქტიურებას ემთხვევა, როცა აგრესიული ჯგუფები “თბილისი პრაიდის„ ორგანიზატორებს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ. მაშინ ოპოზიცია და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები ამბობდნენ, რომ აგრესიულ ჯგუფებს ივანიშვილი მართავდა და საკუთარი ინტერესებისთვის იყენებდა.
20 ივნისის შემდეგ ვასაძემ და ქართულმა მარშმა მოძრაობა “სირცხვილიას“ მიერ პარლამენტის წინ ორგანიზებული პერმანენტული აქციების ჩაშლაც სცადეს და კონტრაქცია მოაწყვეს. მათ პარლამენტის მიმდებარე ტერიტორია დაიკავეს, თუმცა მათი პროტესტი მხოლოდ ერთდღიანი აღმოჩნდა და ვეღარ გაგრძელდა. სამოქალაქო აქტივისტები და ოპოზიცია მაშინაც ამბობდა, რომ ვასაძის აგრესიული დაჯგუფება ხელისუფლებისგან იმართებოდა. დღეს ვასაძემ ფაქტიურად დაადასტურა, რომ ივანიშვილსა და მას შორის გარკვეული შეთანხმება შედგა, თუმცა რას ეხებოდა ეს შეთანხმება, ჯერჯერობით არ კონკრეტდება.