უკვე მესამე წელია საქართველო ევროვიზიის ფინალში ვერ ხვდება. წელს საქართველო ოთო ნემსაძემ სიმღერით – „სულ წინ იარე“წარადგინა, თუმცა გუშინ ისრაელში გამართული კონკურსის პირველ ნახევარფინალში საქართველოს წარმომადგენელმა ჟიურის და მაყურებლის მხარდაჭერა ვერ მოიპოვა და ფინალში ვერ გადავიდა. არსებობს სხვადასხვა მოსაზრებები, თუ რა განაპირობებს სიმღერის ამ კონკურსზე საქართველოს წარუმატებლობას, თუმცა ამჯერად, მოდით უბრალოდ გადავხედოთ საქართველოს შედეგებს ბოლო 12 წლის განმავლობაში ევროვიზიის კონკურსზე.
საქართველომ ევროვიზიის სიმღერის კონკურსში მონაწილეობა პირველად 2007 წელს მიიღო, როდესაც სოფო ხალვაშმა მე-12 ადგილი დაიმსახურა, სიმღერით My Story. კონკურსი ჰელსინკში, ფინეთში გაიმართა.
2008 წელს ქვეყანა ბელგრადში ევროფესტივალზე დიანა ღურწკაიამ წარადგინა, სიმღერით Peace Will Come. მან მე-11 ადგილი დაიკავა.
2009 წელს, საქართველოს შიდაშესარჩევი კონკურსის გამარჯვებული ჯგუფი “სტეფანე და 3G” გახდა. ჯგუფს საქართველოს სახელით მოსკოვში გამართულ ევროფესტივალზე უნდა შეესრულებინა სიმღერა – Put In Disco.
მედიასაშუალებებში გახმოვანდა, რომ სიმღერას ორაზროვანი, პოლიტიკური დატვირთვა ჰქონდა, რომელიც რუსეთის პრემიერ-მინისტრის მისამართით ვრცელდებოდა.
ევროპის მაუწყებელთა კავშირმა უხერხულობის თავიდან ასაცილებლად ქართულ მხარეს სიმღერის შეცვლა შესთავაზა. მოგვიანებით, საქართველომ კონკურსში მონაწილეობაზე უარი განაცხადა.
2010 წელს ოსლოში გამართულ რიგით 55-ე ევროფესტივალზე საქართველოს წარმომადგენელი სოფო ნიჟარაძე საუკეთესო ათეულში მოხვდა. კონკურსზე, რომელშიც 39 ქვეყანა მონაწილეობდა, მან მეცხრე ადგილი დაიკავა.
2011 წლის ევროვიზიის სიმღერის კონკურსზე გერმანიაში, ქალაქ დიუსელდორფში საქართველოს წარმომადგენელმა ჯგუფმა Eldrine, სიმღერით One More Day მეცხრე ადგილი დაიკავა.
2012 წლის ევროფესტივალს ქართველი კონკურსანტი ანრი ჯოხაძე სიმღერით, I’m a Joker ნახევარფინალური ტურიდან გამოეთიშა. კონკურსი ამ წელს ბაქოში ტარდებოდა.
2013 წლის ევროვიზიის სიმღერის კონკურსზე შვედეთში საქართველოს წარმომადგენლები სოფო გელოვანი და ნოდიკო ტატიშვილი, სიმღერით Waterfall მე-15 ადგილზე აღმოჩნდნენ.
2014 წლის ევროფესტივალი კოპენჰაგენში გაიმართა. ქართველი კონკურსანტები The Shin & მარიკო ევროფესტივალს ნახევარფინალური ტურიდან გამოეთიშნენ.საიუბილეო, ევროვიზიის სიმღერის რიგით მე-60 კონკურსს ვენა, ავსტრია მასპინძლობდა. საქართველოს წარმომადგენელი ნინა სუბლატი, სიმღერით Warrior მე-11 ადგილზე გავიდა.
2016 წლის ევროვიზიის სიმღერის კონკურსი სტოკჰოლმში, შვედეთში ჩატარდა. საქართველო ნიკა კოჩაროვმა და ჯგუფმა Young Georgian Lolitaz წარადგინეს, სიმღერით Midnight Gold. ისინი მეოცე ადგილზე გავიდნენ.
თამარა გაჩეჩილაძე, სიმღერით Keep the Faith, 2017 წლის ევროვიზიის სიმღერის კონკურსის პირველ ნახევარფინალში გამოვიდა, თუმცა ნახევარფინალური ტური ვერ გადალახა და კონკურსს გამოეთიშა.
2018 წელს პორტუგალიის დედაქალაქ ლისაბონში გამართულ ევროვიზიის კონკურსზე საქართველო ჯგუფმა “ირიაო“–მ წარადგინა სიმღერით “შენი გულისთვის“. ფინალში ვერ მოხვდა.