Reuters: რუსეთმა საქართველოში ნავთობის პირველი პარტია გაგზავნა გადასამუშავებლად

სააგენტო როიტერის ინფორმაციით,  რუსულმა კომპანიამ „რუსნეფტმა“ (Russneft, RNFT.MM) ამ თვეში  ნავთობის პირველი  პარტია  მიაწოდა ახლად აშენებულ ყულევის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას საქართველოში — ამის შესახებ ცნობილია LSEG-ის გემების გადაადგილების მეთვალყურეობის მონაცემებისა და ინდუსტრიული წყაროების მიხედვით.

სააგენტო წერს, რომ რუსეთსა და საქართველოს 2008 წლის ომის შემდეგ არ აქვთ დიპლომატიური ურთიერთობები — ომი  მოსკოვის მხარდაჭერილ სეპარატისტულ რეგიონებში, სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთში მოხდა.

თუმცა, მმართველი პარტიის „ქართული ოცნების“ პირობებში თბილისმა გააღრმავა ეკონომიკური კავშირები რუსეთთან, მაშინ როცა ურთიერთობა დასავლეთის ქვეყნებთან მკვეთრად დაიძაბა.

LSEG-ის მონაცემებით და ერთ-ერთი ტრეიდერის თქმით, ტანკერმა Kayseri  6 ოქტომბერს რუსული შავი ზღვის პორტიდან, ნოვოროსიისკიდან, ყულევის ნავთობის ტერმინალში მიიტანა 105 340 ტონა „Siberian Light“ ტიპის ნავთობი.

„რუსნეფტმა“ საკითხზე კომენტარი არ გააკეთა.

“რუსეთი ცდილობს გააფართოოს თავისი ექსპორტის მიმართულებები, რათა გაუმკლავდეს უკრაინის გამო დასავლეთის მიერ დაწესებულ სანქციებს.

საქართველო კი, თავისი პირველი ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის ამოქმედებით, მიზნად ისახავს მიზნად შეამციროს დამოკიდებულება რუსეთიდან, თურქეთიდან, აზერბაიჯანიდან, რუმინეთიდან და ყაზახეთიდან იმპორტირებულ საწვავზე.

ქარხანამ მუშაობა ამ თვეში დაიწყო, და მისი საწყისი გადამუშავების სიმძლავრე წელიწადში დაახლოებით 1.2 მილიონი ტონაა, ანუ დღეში დაახლოებით 24 000 ბარელი ნავთობი.

მისი წლიური გადამუშავების მოცულობა თანდათან გაიზრდება 4 მილიონ ტონამდე 2028 წლისთვის, რაც საშუალებას მისცემს ქარხანას საწვავი მიაწოდოს როგორც შიდა ბაზარს, ასევე ექსპორტზე გაიტანოს.“– წერს სააგენტო.

შეგახსენებთ, რომ უკრაინული დრონების და რაკეტების უწყვეტი თავდასხმების შემდეგ რუსეთში ნავთობგადამამუშავებელი საწარმოების დიდი ნაწილი გაჩერებულია და ქვეყანაში საწვავის დეფიციტია.