Reuters ნატოს ანონიმურ წყაროზე დაყრდნობით იტყობინება, რომ ალიანსის გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი აპირებს შესთავაზოს მოკავშირეებს უკრაინის დასახმარებლად ყოველწლიურად 40 მილიარდი ევროს გამოყოფის ვალდებულება საკუთარ თავზე აიღონ.
Reuters-ის წყაროს ცნობით, ნატოს ქვეყნები რუსეთის სრულმასშტაბიანი შემოჭრის შემდეგ ყოველწლიურად 40 მილიარდ ევროს ხარჯავენ და მათუნდა შეინარჩუნონ ეს დონე, როგორც მინიმალური გარანტირებული დახმარება, რათა უზრუნველყონ პროგნოზირებადობა, რაც უკრაინას სჭირდება.
აპრილის დასაწყისში, ბლუმბერგი, ასევე “წყაროზე” დაყრდნობით წერდა, რომ სტოლტენბერგი აპირებს შესთავაზოს ნატოს ევროპულ ქვეყნებს, შექმნან ფონდი უკრაინის დასახმარებლად ხუთი წლის განმავლობაში 100 მილიარდი ევროს , ანუ წელიწადში 20 მილიარდის ოდენობით.
სტოლტენბერგს, სააგენტოს თანამოსაუბრის თქმით, სურს, სხვა საკითხებთან ერთად, უზრუნველყოს უკრაინის სტაბილური დახმარება იმ შემთხვევაში, თუ დონალდ ტრამპი დაბრუნდება შეერთებულ შტატებში ხელისუფლებაში და შეწყვეტს დახმარებას ამერიკიდან.
Reuters არ აკონკრეტებს, საუბარია მხოლოდ ნატოს ევროპულ ქვეყნებზე თუ ყველა ქვეყანაზე.
თავად იენს სტოლტენბერგმა, როგორც აპრილში, ისე 30 მაისს, ნატოს საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე პრაღაში, ისაუბრა ცალკეული ქვეყნებისთვის ერთჯერადი პაკეტებიდან უკრაინისთვის კოორდინირებული დახმარების გარანტირებულ მოცულობებზე გადასვლის აუცილებლობაზე, თუმცა კონკრეტული თანხა არ დაუსახელებია.
ნატოს გენერალური მდივანი ხაზს უსვამს, რომ გადაწყვეტილება ნებისმიერ შემთხვევაში ნატოს ქვეყნების ლიდერებმა უნდა მიიღონ ალიანსის სამიტზე ივლისში ვაშინგტონში.