ეროვნული ბანკის პრეზიდენტის კობა გვენეტაძის განცხადებით, იმის თქმა, რომ ლარი ყველაზე მეტად გაუფასურდა, არ არის სწორი.
მისი თქმით, არის ვალუტები, რომლებიც უფრო მეტად გაუფასურდა, მაგალითად ლათინური ამერიკის ქვეყნების, ან რუსეთის, ბელარუსის ვალუტები და ლარი ისევეა გაუფასურებული, როგორც სხვა განვითარებადი ქვეყნების ვალუტები.
„მაგალითად რუსეთის და ბელარუსის ვალუტები უფრო მეტად გაუფასურდნენ წლის დასაწყისიდან, ვიდრე ქართული ვალუტა. არის ვალუტები, რომლებიც უფრო ნაკლებად გაუფასურდნენ, მაგრამ ჩვენ გავაკეთეთ შედარება განვითარებადი ქვეყნების ვალუტების გაუფასურებისა წლის დასაწყისიდან. და ამის მიხედვით ჩვენ საშუალოდ, ზუსტად ისე ვართ გაუფასურებული, როგორც განვითარებადი ქვეყნების ვალუტები. ჩვენთან უფრო მკვეთრად აღიქმება ეს, რადგანაც ბოლო ორი კვირის განმავლობაში უფრო მაღალი იყო გაუფასურება, თორემ საშუალოდ დაახლოებით ისევე ვართ გაუფასურებული, როგორც განვითარებადი ქვეყნები“, – თქვა კობა გვენეტაძემ.
ცნობისთვის, საქართველოს ეროვნული ვალუტა დღეს, 26 მარტს კვლავ გაუფასურდა. აშშ დოლართან გაუფასურებამ 2.6 თეთრი შეადგინა, ახალი კურსით ერთი დოლარის ღირებულება 3.4842 ლარია, ხოლო ევროსთან გაუფასურება 7.9 თეთრი იყო და ახლა ერთი ევრო 3.8159 ლარი ღირს.
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ლარის გაუფასურების შესაჩერებლად მიმდინარე თვეში რეზერვებიდან $100 მილიონი გაყიდა.