როგორ ახერხებს გერმანია ეპიდემიის კონტროლს და სიკვდილიანობის შემცირებას–ქართველი ემიგრანტი გერმანიიდან

ბოლო რამდენიმე კვირაა კორონავირუსის ეპიცენტრმა ჩინეთიდან ევროპაში გადაინაცვლა. განსაკუთრებით მძიმე ვითარებაა იტალიაში, სადაც დაინფიცირებულთა რიცხვმა 63 927–ს მიაღწია, გარდაცვლილთა რაოდენობით კი 59 მილიონმა იტალიამ 1 მილიარდ 300 მილიონიან ჩინეთს გაუსწრო. ჩინეთში პანდემიამ სულ 3 270 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა, იტალიაში კი ბოლო დღეების განმავლობაში გარდაცვლილთა რაოდენობა რეკორდულად გაიზარდა და ბოლო მონაცემებით 6 077–ს მიაღწია. დასავლეთ ევროპაში დაინფიცირებულთა რიცხვი ყოველდღიურად მკვეთრად იზრდება. იტალიის შემდეგ ყველაზე მძიმე ვითარება ესპანეთშია, სადაც 33 000 დაინფიცირებული და 2 207 გარდაცვლილია. დაინფიცირებულთა რაოდენობით ევროპაში ესპანეთის შემდეგ მოდის გერმანია 29 000 დაინფიცირებულით, თუმცა სიკვდილიანობის მაჩვენებელი ამ ქვეყანაში ევროპაში ერთ–ერთი ყველაზე დაბალია. გერმანიაში ამ ეტაპზე 123 ადამიანია გარდაცვლილი.

როგორ ახერხებს გერმანია ვირუსთან ბრძოლას და რატომ აქვს მას სხვა ევროპული ქვეყნებისგან მკვეთრად განსხვავებული მაჩვენებელი, ამის შესახებ გერმანიაში, ქალაქ შვეცინგენში მცხოვრები ქართველი ირინე დანელია გვესაუბრება. ირინე მრავალი წელია გერმანიაში ცხოვრობს  და გერმანიის მოქალაქეა, არის სოციოლოგი, მაინცის უნივერსიტეტის მაგისტრი, ამჟამად მუშაობს კერძო კომპანიაში, ენერგეტიკის სფეროში. ის გვიყვება, რამდენად მომზადებული შეხვდა გერმანიის ჯანდაცვის სისტემა პანდემიას:

“თვალში საცემია, რომ თუკი ჩინეთში სიკვდილიანობის პროცენტი დარეგისტრირებულ შემთხვევებთან მიმართებაში 4 % შეადგენდა, იტალიში ის 7%-ია. ამ მხრივ დამაიმედებელი მაჩვენებლები ფიქსირდება გერმანიაში, სადაც ჯერ-ჯერობით სიკვდილიანობის პროცენტი 0.4% შეადგენს. ლოგიკურია შეკითხვა: რითი აიხსნება ასეთი რადიკალური პროცენტული განსხვავებები?

გერმანელი ვიროლოგის, ბერლინის შარითეს კლინიკასთან არსებული ვიროლოგიის ინსტიტუტის დირექტორის, პროფესორ კრისტიან დორსტენს აზრით, რომელიც ფედერალური მთავრობის კონსულტანტის გარდა ერთ-ერთი იმათთაგანია, რომელმაც შეიმუშავა ტესტირების ის მეთოდი, რომელიც დღეს გერმანიაში გამოიყენება, გადამწყვეტ ფაქტორებად ამ შემთხვევაში რამდენიმე შეიძლება დასახელდეს.

პირველ რიგში ის, რომ იტალიში სავარაუდოდ ეპიდემია რამდენიმე კვირის განმავლობაში სრულიად შეუმჩნევლად მიმდინარეობდა. აქედან გამომდინარე იტალიას არ ჰქონდა საშუალება მიეღო ზომები დაავადებულ ადამიანთა იზოლაციისთვის. შესაბამისად არ ხდებოდა ტესტირება დაინფიცირებულ ადამიანთა გამოვლენის მიზნით. მასობრივი ტესტირება იტალიაში დაიწყო მაშ შემდეგ, რაც ეპიდემი უკვე საკმაოდ გავრცელებული იყო. ამასთან გამოკვლევა უტარდებოდა ძირითადად იმ ადამიანებს, რომლებიც უკვე ამჟღავნებდნენ შესაბამის სიმპტომებს. თუ გავითვალისწინებთ იმ გარემოებას, რომ დაავადებულთა 1/3 ში ვირუსი არანაირ სიმპტომებს არ იწვევს, და ეს ძირითადად ახალგაზრდები არიან, გასაგები გახდება ისიც, რომ მკვეთრად გამოხატულ სიმპტომებს ძირითადად 60 წელს გადაცილებული პაციენტები ამჟღავნებდნენ.

აქედან გამომდინარე იტალიის სტატისტიკით დაინფიცირებულთა 60% , 60 წელს გადაცილებული იყო. ექიმები ასევე ვარაუდობენ, რომ, რადგანაც სიმტომები ჩვეულებრივი ვირუსული ინფექციისაგან არაფრით განსხვავდება და მხოლოდ მაშინ მწვავდება, როცა პნევმონია უკვე რთულ ეტაპზეა, შესაბამისად მკურნალობაც ნაკლებად ეფექტურია. სწორედ ამ შემთხვევასთან გვაქვს საქმე იტალიაში.

გერმანიაში კორონა ვირუსის მასობრივი გავრცელება ჰოლანდიის საზღვართან მდებარე ერთ პატარა ქალაქში კარნავალის შემდეგ დაიწყო. ამ შემთხვევის ლოკალიზება დროულად მოხერხდა და 1000 მდე ადამიანს კარანტინი დაუწესდა. თუმცა იტალიის ჩრდილოეთში, კერძოდ სამხრეთ ტიროლის სამთო-სათხილამური კურორტებზე დაფიქსირებულმა ეპიდემიურმა აფეთქებამ გააჩინა დამატებითი საფრთხე. მიზეზი გახლავთ ის, რომ ეპიდემიის გავრცელება დაემთხვა გერმანიის რამდენიმე მიწაზე ამ დროისათვის არსებულ თებერვლის სასკოლო არდადეგებს. ამის შემდეგ გერმანიაში დაიწყო ინტენსიური შემოწმება იმ ადამიანებისა და მათი ოჯახის წევრების, ვინც დასასვენებლად სამხრეთ ტიროლში იმყოფებოდა. ასე რომ გერმანიაშ დაინფიცირებულ ადამიანთა ტესტირება და გამომჟღავნება ძალიან ადრეულ ეტაპზე ხდებოდა. ასევე აღმოჩნდა, რომ დაავადებულთ 80 % მეტი 60 წლამდე ასაკისაა.

ასევე მნიშვნელოვანია ისიც, რომ გერმანიის ჯანდაცვის სისტემა ბევრად უფრო კარგადაა ორგანიზებული და აღჭურვილი ვიდრე იტალიის. გერმანიას აქვს შესაძლებლობა დღეში შეამოწმოს 100 დან 200 ათასამდე ადამიანი. ლაბორატორიები თანაბრად არის გადანაწილებული მთელი ქვეყნის მასშტაბით. პასუხუს მიღება 2 დღის განმავლობაშია შესაძლებელი. როცა იტალიაში 7 დღე იყო საჭირო. გერმანიაში 100 ათას ადამიანზე 34 ინტენსიური საწოლი არსებობს, იტალიაში 8. სულ გერმანიაში 28 ათასამდე ხელოვნური სასუნთქი აპარატით აღჭურვილი საწოლი არსებობს. რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ დამატებით 10 ათასი აპარატი იქნა შეკვეთილი. ასევე იგეგმება დამატებითი საველე საავადმყოფოს მოწყობა დაახლოებით 1000 პაციენტზე ბერლინში და არსებული სანატორიუმებისა და გამაჯანსაღებელი დაწესებულებების აღჭურვა დამატებითი შესაძლებლობების და რეზერვის შესაქმნელად.

ორი დღის წინ გერმანიის ქალაქ ვურცბურგში, ერთ-ერთ მოხუცთა თავშესაფარში კორონა ვირუსი დაუდგინდა ერთ-ერთ მომვლელს. ამის შედეგად თავშესაფარში 9 მოხუცი გარდაიცვალა. სიკვდილიანობის გაზრდა ბოლო დღეებში ამითაც აიხსნება.

ამ მოკლე ანალიზის საფუძველზე ცხადია, რომ იტალიასა და გერმანიას შორის სიკვდილიანობის პროცენტულობის ასეთი სხვაობა პირველ რიგში იმით აიხსნება, თუ რამდენად მეტი შემთხვევა იქნა გამოკვლეული და სტატისტიკურად დაფიქსირებული ამ კონკრეტულ ქვეყნებში, რადგან სიკვდილიანობის პროცენტი სწორედ დაფიქსირებული შემთხვევებიდან გამოიყვანება. მეცნიერები ერთხმად აღნიშნავენ, რომ გამოუკვლეველ დაავადებულთა რიცხვი გაცილებით მეტია იტალიაში და სავარაუდოდ ნაკლებია გერმანიაში. ამასთან ისიც უნდა ითქვას, რომ იტალიის ჯანდაცვის სისტემა უკვე “გადაღლილია”, გერმანიისა კი ჯერ ახლა ერთვება ეპიდემიასთან ბრძოლაში. სავაუდოდ პროცენტული მაჩვენებელი დროთა განმავლობაში გერმანიაშიც გაიზრდება, თუმცა 7 პროცენტამდე ასვლას გერმანელი ექიმები გამორიცხავენ.“– ამბობს ირინე დანელია.