როგორ და სად დაიწყება მესამე მსოფლიო ომი

The National Interest-მა ის ცხელი წერტილები დაასახელა, საიდანაც 2019 წელს შეიძლება მსოფლიო ომი დაიწყოს.

2019 წელს ყველაზე ცხელ რეგიონებად, სადაც შეიძლება მესამე მსოფლიო ომი დაიწყოს ისევ რჩებიან: სამხრეთ–ჩინეთის ზღვა, უკრაინა, სპარსეთის ყურე და კორეის ნახევარკუნძული. ამის შესახებ ჟურნალ The National Interest –ში აშშ–ს არმიის სამხედრო კოლეჯის პროფესორი, რობერტ ფარლი წერს.

ფარლის აზრით ერთ–ერთი ცხელი წერტილია სამხრეთ–ჩინეთის ზღვა, რომელშიც აშშ–სა და ჩინეთს შორის დაპირისპირება განვითარდა. ეს ორი ქვეყანა ერთმანეთთან სავაჭრო ომს აწარმოებს. ჯერჯერობით ბრძოლა ეკონომიკური სანქციებით და ტარიფებთან დაკავშირებული დავებით შემოიფარგლება, თუმცა ორმხრივი ურთიერთობების გაუარესების შემთხვევაში ავტორის აზრით კონფლიქტი შეიძლება ეკონომიკურ ფარგლებს გასცდეს.

მესამე მსოფლიო ომის დაწყების კიდევ ერთ ადგილად ფარლი უკრაინას ასახელებს. ის იხსენებს ქერჩის სრუტეში ცოტახნის წინანდელ ინციდენტს და აღნიშნავს, რომ ამან რეგიონში დაძაბულობის ზრდა გამოიწვია. ავტორი ვარაუდობს, რომ რუსეთი სავარაუდოდ არ არის დაინტერესებული სტატუს ქვოს დარღვევაში უკრაინაში არჩევნების წინ, რომელმაც სიტუაციაში შეიძლება გაურკვევლობა შემოიტანოს. აშშ–სა და რუსეთს შორის დაძაბულობის შენარჩუნების გათვალისწინებით მცირე რყევებმაც კი შეიძლება დაარღვიოს მყიფე ბალანსი, რომელიც რეგიონში ბოლო რამდენიმე წლის მანძილზე ნარჩუნდება.

{{ARTICLEIMAGE}}

მესამე ცხელ რეგიონად პროფესორის აზრით სპარსეთის ყურე რჩება. აქ დაძაბულობა ირანზე აშშ–ს ეკონომიკური ზეწოლისა და იემენში და სირიაში კონფლიქტების გამო იზრდება. რეგიონის სტრატეგიული მნიშვნელობის გამო აქ არასტაბილურობის ნებისმიერმა გამოვლინებამ შეიძლება გამოიძვიოს ღია შეტაკება აშშ–ს, რუსეთსა და ჩინეთს შორისაც კი.

დაძაბულობის მეოთხე წერტილი კორეის ნახევარკუნძულია, მიუხედავად აშშ–სა და კორეის სახალხო რესპუბლიკის ბოლოდროინდელი სამშვიდობო ინიციატივებისა. პროფესორის აზრით ვაშინგტონსა და ფხენიანს შორის ურთიერთობები ნებისმიერ მომენტში შეიძლება გაფუჭდეს. უფრო მეტიც, კორეის საკითხთან დაკავშირებით უთანხმეობა სხვა მნიშვნელოვან მოთამაშეებს შორისაც არსებობს. ეს არის ჩინეთი და იაპონია.

ფარლის აზრით აშშ–სა და ჩინეთს შორის ურთიერთობების გაფუჭება სამომავლოდ “უბედურების მომასწავებელია“. ცხელი წერტილები კი დროთა განმავლობაში შესაძლოა სხვა რეგიონებშიც გაჩნდეს. ამასთან, აშშ–ს სამხედრო ჰეგემონიის და არსებული მსოფლიო წესრიგის კრიზისი იმაზე მოწმობს, რომ უახლოესი მომავალი შესაძლოა უფრო საშიში იყოს, ვიდრე უახლოესი წარსული – წერს ფარლი.

კიდევ ერთი საფრთხე შესაძლოა ინდოეთ–პაკისტანის ურთიერთობიდან მოდიოდეს. ამ ორ ქვეყანას შორის ომი ნებისმიერ დროს უამრავი მიზეზით შეიძლება განახლდეს. მაგალითად, თუ პაკისტანის მიერ დასპონსორებული ტერორისტები კიდევ ერთ თავდასხმას განახორციელებენ ინდოეთში, შესაძლოა ამ უკანასკნელის მოთმინება ამოიწუროს. შესაძლოა სახელმწიფოები ომში ჩართული აღმოჩნდნენ იმ მოთამაშეების მიერ, რომლებიც სახელმწიფოგან უშუალოდ არ კონტროლდება. ინდოეთსა და პაკისტანს შორის დაძაბულობა წლებია გრძელდება. საქმის გართულების შემთხვევაში არ არის გამორიცხული საქმე ატომური იარაღის გამოყენებამდეც მივიდეს. სტატიის ავტორის აზრით ამ ორი ქვეყნის დაპირისპირების მიღმა ვერც აშშ და ჩინეთი დარჩებიან.