როგორ გამოიყურება ძმები ნობელების მუზეუმი რეკონსტრუქციიდან 6 თვის შემდეგ

„ბათუმში, ძმები ნობელების მუზეუმის შენობის რეკონსტრუქცია 2018 წელს დაიწყო. სამშენებლო სამუშაოების განხორციელება ჯამში 190,265 ლარი დაჯდა.

რეკონსტრუქციიდან 6 თვის შემდეგ შენობის მდგომარეობა გაუარესებულია და უფუნქციო მიშენებაში წყალი დგას“, –  ინფორმაციას “ფლანგვის დეტექტორი” ავრცელებს.

ორგანიზაციის ინფორმაციით,  სამშენებლო სამუშაოების დასრულებიდან რამდენიმე თვეში შენობა სავალალო მდგომარეობაშია და არაფერი გამოსწორებულა.

„2018 წელს სატენდერო კომისია აცხადებდა, რომ: “შეივსება თავისუფალი ადგილები, შენობას დაემატება კაფე, სხვადასხვა სათავსო, ლითონის დეკორატიული ორსართულიანი კარკასი, მოეწყობა ეზო, გამწვანება, შენობა იქნება ადაპტირებული: „კარგი პროექტია, რომლის განხორციელებით, შენობა არ დაკარგავს თავის ვიზუალს, ღირებულებას და იგი უფრო თანამედროვე გახდება“.

სამშენებლო სამუშაოები დასრულდა 2019 წლის ივნისში. მას შემდეგ ნახევარი წელია გასული და შენობა სავალალო მდგომარეობაშია. შენობაში ჩამოდის წვიმის წყალი, კედლებს ობი აქვს მოკიდებულ და მნიშვნელოვნად დაზიანებულია. შენობის ახლად მიშენებულ ნაწილის ორივე სართულზე წყალი დგას. შენობის პანდუსს შემდეგ ხვეული კიბე მოსდევს, რაც პანდუსს ბუტაფორიად აქცევს. 190,265 ლარის დახარჯვის შემდეგ, შენობის მდგომარეობა ყველა კრიტერიუმით გაუარესდა.

მუზეუმის შენობა კულტურული მეკვიდრეობის ძეგლს წარმოადგენს. მასში განლაგებული იყო ლუდვიგ და რობერტ ნობელების ოფისი, რომელთაც კავკასიაში ნავთობის წარმოების, მისი გაყიდვის და ტექნოლოგიურ განვითარებაში დიდი წვლილი აქვთ შეტანილი. პარალელურად შენობაში განთავსებული იყო შვედეთ-ნორვეგიის საკონსულოც. შენობაში ტექნოლოგიური მუზეუმი 2007 წელს გაიხსნა და მასში წარმოდგენილია ძმები ნობელების და მე-19 საუკუნის სხვა მეწარმეების და წარმოებების შესახებ ექსპონატები;

190 265 ლარის ოდენობის გაფლანგული საბიუჯეტო სახსრების და დაზიანებული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის მიუხედავად, ხელშეკრულება სსიპ “აჭარის მიზეუმმა” შესრულებულად ჩათვალა. მას სამშენებლო კომპანიისთვის არც პირგასამტეხლო დაუკისრებია. აღსანიშნავია, რომ შესრულებული სამუშაოების საგარანტიო ვადა ხელშეკრულების მიხედვით 3 წელია. მიუხედავად ამისა, სამშენებლო სამუშაოების დასრულებიდან რამდენიმე თვეში შენობა სავალალო მდგომარეობაშია და არაფერი გამოსწორებულა“, – ნათქვამია  “ფლანგვის დეტექტორის” მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

{{PHOTOGALLERY}}