9 იანვარს პლანეტის უმდიდრესმა ადამიანმა, Amazon – ის დამფუძნებელმა, ჯეფ ბეზოსმა და მისმა ცოლმა, მწერალმა მაკენზი ბეზოსმა 25 წლიანი ქორწინების შემდეგ დაშორების გადაწყვეტილების შესახებ გამოაცხადეს. ტვიტერზე გამოქვეყნებულ ერთობლივ განცხადებაში წყვილი წერდა, რომ მეგობრებად და პარტნიორებად რჩებიან.
{{ARTICLEIMAGE}}
ბეზოსების წყვილს ოთხი შვილი ყავს. მათი ასაკი 13–დან 18 წლამდეა. ოჯახის აქტივები 137 მილიარდ დოლარს შეადგენს
როგორ გაიყოფა ოჯახის ქონება
ჯეფი და მაკენზი 1993 წელს გაცნობიდან ექვსი თვის თავზე დაქორწინდნენ. ისინი ერთმანეთს ნიუ იორკში, უოლ სტრიტზე შეხვდნენ, სადაც ყოფილ მილიარდერს საინვესტიციო ფონდის ვიცე–პრეზიდენტის პოსტი ეკავა. ქალი ორგანიზაციაში გასაუბრებაზე მივიდა, რომელსაც თავად ჯეფ ბეზოსი ატარებდა და წარმატებითაც გაართვა თავი გასაუბრებას. დაქორწინების შემდეგ ცოლ–ქმარი კომპანიიდან წამოვიდა და სიეტლში გადავიდა, სადაც ბეზოსმა ონლაინ მაღაზია გახსნა. სწორედ აქედან ჩაეყარა საფუძველი Amazon –ის იმპერიას. თავისი პირველი მილიონი მან 1997 წელს , ანუ დაქორწინებიდან ოთხი წლის შემდეგ იშოვნა.
ბოლო დროს ოჯახი ვაშინგოტნის შტატში ცხოვრობდა, სადაც საზიარო ქონების წესი მოქმედებს. ამ წესის მიხედვით განქორწინებისას ოჯახის მთელი ქონება ერთობლივად ნაშოვნად ითვლება და ცოლ–ქმარს შორის თანაბრად იყოფა. სავარაუდოდ ქონების გაყოფა ამ სცენარით წარიმართება, თუ რა თქმა უნდა მათ ხელი არ აქვთ მოწერილი საქორწინო კონტრაქტზე, რომელიც სხვაგვარ გაყოფას ადგენს. დასავლური მედია სანდო წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ წყვილს საქორწინო კონტრაქტისთვის ხელი არ მოუწერია და ამიტომაც ქონება კანონის მიხედვით გაიყოფა. ასეთ შემთხვევაში ჯეფ ბეზო მსოფლიოში ყველაზე მდიდარი ადამიანის სტატუსს დაკარგავს, რადგან მისი ქონება 70 მილიარდამდე შემცირდება. ამ სტატუსს კვლავ ბილ გეითსი დაიბრუნებს. მაკენზი ბეზოსი კი პირიქით, მსოფლიოში ყველაზე მდიდარი ქალის სტატუსს შეიძენს და ამ პოზიციას წაართმევს ფრანსუაზა ბეტენკურ მეიერსს, რომელიც კომპანია L’Oréal–ის 2017 წელს გარდაცვლილი ხელმძღვანელის მემკვიდრე გახდა. ზოგიერთი მედიასაშუალება არ გამორიცხავს, რომ რომელიმე მეუღლემ ალიმენტიც მოითხოვოს, თუმცა ექსპერტები ნაკლებ სავარაუდოდ თვლიან მაკენზის მხრიდან დამატებითი ფინანსური მხარდაჭერის მოთხოვნას.
მიუხედავად იმისა, რომ სავარაუდოდ ქონების გაყოფაზე დავა არ იქნება, ეს პროცესი მარტივად მაინც არ ჩაივლის. სხვა ყველაფერს რომ თავი გავანებოთ, ოჯახი 1600 ჰექტარი მიწის მფლობელია, რომლის შეფასება და ღირებულების დადგენა საკმაოდ რთული იქნება. ადვილი არ იქნება ფულადი აქტივების შეფასებაც, რომელთა დიდი ნაწილი აქციების სახით ინახება, რომელთა ღირებულება განქორწინებისას დეტალურად უნდა შეფასდეს. ამოცანა შედარებით გამარტივდება, თუ ცოლ–ქმარი აქციებს ერთ ორგანიზაციაში დააბანდებს, რომელსაც ერთობლივად მართავენ.