როგორ შეაჩერეს იტალიის ერთ პატარა ქალაქში კორონავირუსი

იტალიის ჩრდილოეთით, ერთ პატარა ქალაქში კორონავირუსით დაინფიცირების ახალი შემთხვვების გაჩენა ექსპერიმენტის საშუალებით შეაჩერეს.

როცა ვენეციის სიახლოვეს მდებარე ვო ეუგანეოს კომუნა COVID 19-ის აფეთქების ეპიცენტრში აღმოჩნდა, თავიდანვე მოსახლეობის აქტიური ტესტირება დაიწყეს. ქალაქის ყველა, 3400 მცხოვრებს, მიუხედავად იმისა, ქონდათ თუ არა სიმპტომები კორონავირუსის ტესტი ჩაუტარეს. ისინი, ვისაც დიაგნოზი დაუდასტურდა მკაცრ კარანტინში გაუშვეს. ასევე ისინიც, ვისთანაც დაინფიცირებულებს კონტაქტი ქონდათ.

ათი დღის შემდეგ ყველას განმეორებითი ტესტი ჩაუტარეს. შედეგად დაავადებულთა რიცხმა 90%–ით იკლო. ამის შესახებ იტალიურ და ბრიტანულ მედიას Imperial College London–ის პროფესორმა, ანდრეა კრესანტიმ უამბო, რომელიც ექსპერიმენტში მონაწილეობდა.

ქალაქში, სადაც 22 თებერვალს იტალიაში კორონავირუსისგან პირველი სიკვდილის შემთხვევა დაფიქსირდა, ჯანდაცვის ადგილობრივმა ორგანომ ინფექციის გავრცელების სრულად აღკვეთა მოახერხა. ქალაქის მერი ჯულიანო მარტინი ამბობს, რომ ტესტირება უკიდურესად მნიშვნელოვანი იყო და მან მრავალი სიცოცხლე იხსნა.

ამ კვირას ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ ყველა ქვეყანას მოუწოდა აქტიურად დაიწყოს კორონავირუსზე მოსახლეობის ტესტირება და ამაში სამხრეთ კორეას და ტაივანს მიბაძოს. “ჩვენი მთავარი მოწოდებაა ტესტირება, ტესტირება, ტესტირება!!!“– განაცხადა ორგანიზაციის მეთაურმა ტედროს ადამონ გებრეისუსმა.

პროფესორ ანდრეა კრესანტის თქმით, ვო ეუგანიოში ყველას უკეთებდნენ ტესტირებას, მათ შორის უსიმპტომოებსაც. კორონავირუსით ყოველ სიმპტომიან დაავადებულზე ათი უსიმპტომო დაავადებული მოდიოდა. როგორც უკვე გითხარით, ყველა მათგანი კარანტინში მოხვდა.

“როცა ადამიანებს ტესტი განმეორებით ჩაუტარეს, აღმოჩნდა, რომ დადებითი შედეგები 90%–ით დაეცა. მნიშვნელოვანია, რომ განმეორებითმა ტესტირებამ მინიმუმ ექვსი უსიმპტომო დაინფიცირებული აღმოაჩინა. ისინი კარანტინში მოათავსეს. ისინი რომ არ აღმოეჩინათ, ინფექცია გავრცელებას განაგრძობდა“– განაცხადა ანდრეა კრესანტიმ ბრიტანულ Financial Times –თან ინტერვიუში.

მართალია ერთი ქვეყნის ყველა მოქალაქის ტესტირება შეუძლებელია, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანია უკვე ცნობილ დაინფიცირებულთან კონტაქტების მქონოე უსიმპტომო ადამიანების ტესტირება. ამ პრაქტიკის გავრცელებას აპირებენ ვენეტოს მთელ რეგიონზე, სადაც დღეში 11 ათას ანალიზს აიღებენ.