როგორც აქამდე ტარდებოდა სხდომები, ისე ჩატარდება ხვალინდელი სხდომაც – სახელმწიფო არ დაუშვებს, რომ პარლამენტს მუშაობაში ხელი შეეშალოს-მდინარაძე

როგორც აქამდე ტარდებოდა სხდომები, ისე ჩატარდება პარლამენტის ხვალინდელი სხდომაც, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებს განუცხადა. მდინარაძის თქმით, სახელმწიფო არ დაუშვებს, რომ პარლამენტს მუშაობაში ხელი შეეშალოს.

„ყველა სხვა შემთხვევაში როგორც ტარდებოდა სხდომები, ისე ჩატარდება ხვალინდელი სხდომაც. სახელმწიფო არ დაუშვებს იმას, რომ შენობის ბლოკირება მოხდეს და საქართველოს პარლამენტს მუშაობაში შეეშალოს ხელი.ძალიან სამწუხაროა, რომ თავად ატყუებენ საზოგადოებას, რადგან მათ მიერ შემოთავაზებული ყველა ვერსია სპეკულაციურია და ატყუებს იმ ადამიანებსაც კი, ვინც გულწრფელად აპროტესტებს იმას, რა ფაქტიც დადგა უმრავლესობის საბოლოო გადაწყვეტილების შედეგად. აქედან გამომდინარე, მათ უნდა გაიაზრონ რეალობა და უნდა გაიაზრონ ისიც, რომ თუ ადგილი ექნება კანონდარღვევას, სახელმწიფო იდგება თავის ადგილზე და აღკვეთს ამ კანონდარღვევას. მათ პროტესტის გამოხატვის უფლება აქვთ. დღეს საქართველოში გამოხატვის და სიტყვის თავისუფლება დაცულია ისე, როგორც არასდროს და თუ კანონის ფარგლებს არ გასცდება ამ უფლების რეალიზება, ისინი ყველა მხრივ დაცული იქნებიან.

გვესმის სპეკულაციური განცხადებები. ნახეთ ალბათ, რომ ბოლო დღეებში გარდამავალი მესიჯი შეიმუშავეს, რომ სურთ არა ე.წ. გერმანული მოდელი, არამედ გერმანული მოდელის მსგავსი. ნებისმიერ შემთხვევაში ყველა იურისტი, ვინც სუბიექტური არ არის, თანხმდება იმაზე, რომ გერმანულის მსგავსი მოდელიც კი კონსტიტუციის შეუსაბამოა. აქედან გამომდინარე, მათი მოთხოვნა არარელევანტური და სპეკულაციურია,“ – განაცხადა მდინარაძემ.