ალეკო ელისაშვილმა ღიმილის მომგვრელი უწოდა მაჟორიტარი დეპუტატის, კახა ოქრიაშვილის მიერ გამზადებულ ბანერებს, რომელიც პარლამენტარმა ალეკო ელისაშვილს დაახვედრა.
„ჩვენი ჩამოსვლის მიზანია, ხალხს დაველაპარაკოთ და ავუხსნათ, მაგრამ ბევრი ახსნა არ სჭირდება, რადგან აქეთ გვეუბნებიან. სანამ ასეთი სისტემა იარსებებს შერეული, სადაც მაჟორიტარების როლი იქნება მნიშვნელოვანი, მანამდე მაჟორიტარები იქნებიან მულტიმილიონერები და ხალხის ხარჯზე გამდიდრებულები. ხედავთ, დმანისი არის დაცლილი, კახა ოქრიაშვილი კი, არის ერთ-ერთი ყველაზე მდიდარი პოლიტიკოსი ბიძინა ივანიშვილის შემდეგ. ეს სისტემა არის დასანგრევი, რადგან ეს ფეოდალიზმი არის დასანგრევი.
ეს ღიმილის მომგვრელი დახვედრაც ბანერით, კახა ოქრიაშვილი ქალაქის შემოსასვლელში, მიანიშნებს, რომ სხვებისგან განსხვავებით ეს დიდად გამოცდილი კაცია, 2004 წლიდან არის და ცხრა პარტია აქვს გამოცვლილი. იგრძნო, საითაც უბერავს ქარი და როგორც ჩანს, ალაგებს ბარგს და უნდა აქეთ მხარეს გადმოსვლა. მძაფრი ინსტინქტები აქვს. ამის დასტურია, მეტი არაფრის. იგრძნო, შეირყა „ქართული ოცნება“.
პარლამენტში ხალხის ხარჯზე გამდიდრებულმა ადამიანებმა რამდენი ბანერიც არ უნდა გამომიკრან, სმაილიკები და ალეკო მიყვარხარო მიწერონ, მე ვარ ამ სისტემის წინააღმდეგი და ეს მაჟორიტარულ შერეული სისტემა არის დასანგრევი. ოქრიაშვილებს თუ აქვთ ბიზნესის კეთების უნარი, იყვნენ ბიზნესში, მათი ადგილი პოლიტიკაში არ არის. რაც არ უნდა ბანერები გამოფინონ, არასოდეს გული არ შემომიბრუნდება ასეთი ადამიანების მიმართ“, – განაცხადა ელისაშვილმა.
დმანისის შესასვლელში ელისაშვილს დღეს ბილბორდი დაახვედრეს წარწერით: „კეთილი იყოს ოპოზიციიის და არა მარტო ოპოზიციის მობრძანება დმანისში. კახა ოქრიაშვილი“.
ბაზარში კი ოპოზიციას დახვდა პლაკატები წარწერით „welcome. კეთილი იყოს თქვენი მობრძანება, ალეკო“.