„როგორც კი დედა დაინახა, ისევ დამძიმდა და ღრმა ძილში გადავიდა“ – როგორია ცოტნე გამსახურდიას ჯანმრთელობის მდგომარეობა

„მანანა არჩვაძემ, რომელიც უკვე წლებია ჯანმრთელ ცოტნეს სათოფეზე ვერ ეკარებოდა – გადაწყვიტა მისი უმწეო მდგომარეობით ესარგებლა“, – ამის შესახებ მაია ორჯონიკიძე სოციალურ ქსელში ცოტნე გამსახურდიას ჯანმრთელობის მდგომარეობაზე წერს.

მისივე თქმით, რამდენიმე დღის წინ მანანა არჩვაძემ ფოტო გადაუღო ძილში მყოფ ცოტნეს და სოციალურ ქსელში გამოაქვეყნებინა.

„ახლა მხოლოდ ისღა იყო საჭირო, რომ უმძიმესი თავის ქალის ტრავმის შემდეგ პოსტ-კომატოზური პერიოდი ცოტნეს მაქსიმალურად მშვიდ გარემოში გაევლო. ასეთ გარემოს კი მაქსიმალურად უქმნიდა საავადმყოფოს პერსონალიც და მისი მეუღლე ანა ჯაბაურიც, თავად ექიმი-კარდიოლოგი. ყველაფერი კარგად მიდიოდა, რომ არა მანანა არჩვაძის დაუოკებელი ჟინი უკვე კომიდან გამოსული ცოტნეს გვერდით ჯდომისა, რამაც ცოტნეს ჯანმრთელობაზე მკვეთრად უარყოფითი გავლენა მოახდინა – როგორც კი ბიოლოგიური მშობელი დაინახა, ისევ დამძიმდა და ღრმა ძილში გადავიდა.

ამის შემდეგ ანა ჯაბაურმა ექიმებს მოსთხოვა, რომ გაეთვალისწინებინათ მხოლოდ პაციენტის ჯანმრთელობა და შესაბამისად ნებისმიერი ფაქტორი, რაც ცოტნეს მდგომარეობაზე უარყოფითად აისახებოდა, გამოერიცხათ. ბუნებრივად დადგა საკითხი, რომ მანანა არჩვაძისთვის მისი შვილის პალატაში ყოფნა შეეზღუდათ, რასაც ისევ მოყვა არჩვაძის ისტერიკა და მუქარები. ექიმები იძულებულები გახდნენ დათმობაზე წასულიყვნენ და 24 საათიდან 8 საათი მანანა არჩვაძე ისევ ცოტნეს პალატაში ატარებდა. ამის შედეგად პაციენტის რეაბილიტაციის პროცესი ისევ დამუხრუჭდა, მანანა არჩვაძე ხედავდა, როგორ უსიტყვოდ იტანჯებოდა უმწეო მდგომარეობაში მყოფი მისი შვილი მანანას გვერდით ყოფნის გამო, მაგრამ თავისას მაინც არ იშლიდა. ბოლოს მოხდა ისე, რომ რამდენიმე დღე მხოლოდ ანა იყო ცოტნეს გვერდზე და რეაბილიტაციის დინამიკა ისევ გამოსწორდა. უკვე ბევრად საგრძნობლად. რამდენიმე დღეში მანანა ისევ გამოჩნდა პალატაში და ყველაფერი წრეზე დაბრუნდა. ცოტნეს მდგომარეობა ისევ დამძიმდა!

საკუთარი შვილის ასე გატანჯვა როგორც ჩანს-მანანა არჩვაძის მიზანს წარმოადგენდა, თორემ შვილის ჯანმრთელობაზე მეტად მისი პალატაში ჯდომა რატომ უნდა ყოფილიყო მნიშვნელოვანი?! ჯანმრთელი ფსიქიკის ადამიანი ამას ვერასოდეს გაიგებს.

ბოლო რაც მოხდა ისააა, რომ რამდენიმე დღის წინ მანანა არჩვაძემ მობილურიდან ფოტო გადაუღო ძილში მყოფ ცოტნეს და ფეისბუკზე (!) დააპოსტინა „მანანისტებად“ ცნობილ თავის აგრესიულ ამალას, რაც ეთიკურ ნორმებს რომ თავი დავანებოთ, იმ კლინიკის წესების უხეშ დარღვევას წარმოადგენდა, რომელშიც ცოტნე იწვა, რადგან პაციენტისგან უნებართვოდ მისი პირადი ცხოვრების ამსახველ კადრებს ასაჯაროებდა,“- წერს ორჯონიკიძე.

პირველი პრეზიდენტის შვილი 19 დეკემბერს, ვერაზე, საკუთარ სახლთან დაჭრეს. მისი მდგომარეობა ამ დრომდე მძიმეა. დამამძიმებელ გარემოებაში ჯგუფურად ჩადენილი განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით სისხლისსამართლებრივ პასუხისგებაშია მიცემული 2 პირი, 3-ს კი ბრალად ედება დანაშაულის შეუტყობინებლობა