როგორი იქნება შურისძიება გენერლის მკვლელობის გამო. ირანის ლიდერები ვაშინგტონს ემუქრებიან

გავლენიანი ირანელი გენერლის, კასემ სულეიმანის გლოვის კამპანიაში ირანის პროპაგანდისტული მანქანა ჩაერთო. ირანის ცენტრალურ ტელევიზიაში მოკლულ გენერალს რწმენისთვის დაღუპულ წამებულს ადარებენ. სამხედროები აიათოლა ჰამენეის მსგავსად სასტიკ შურისძიებაზე საუბრობენ.

პირველი დემონსტრაციები სულეიმანის სიკვდილის გამო აშშ–სა და ისრაელისთვის სამაგიეროს გადახდის მოთხოვნით უკვე პარასკევს, ბაღდადის აეროპორტზე სარაკეტო შეტევიდან რამდენიმე საათში გაიმართა. სწორედ ამ შეტევას ემსხვერპლა გენერალი და მასთან ერთად მყოფი რამდენიმე სამხედრო.

ირანის პრეზიდენტმა, ჰასან როუხანიმ ირანული მედიისთვის მიცემულ ინტერვიუში შაბათს აშშ–ს ოპერაციას ერაყის მიწაზე ჩადენილი სახელმწიფო ტერორიზმის აქტი უწოდა. მან რეგიონის ქვეყნებს “აშშ–ს აგრესიის“ წინააღმდეგ ბრძოლისკენ მოუწოდა.ამ განცხადებიდან მალევე ერაყის ხელისუფლებამაც სამდღიანი გლოვა გამოაცხადა.

შაბათს ბაღდადში პირველი სამგლოვიარო პროცესია გაიმართა, სადაც ხმამაღლა ისმოდა შურისძიების მოწოდებები. ქუჩაში ათასობით ადამიანი გამოვიდა.

ცერემონიალის შემდეგ მალევე დაიცხრილა ბაღდადის “მწვანე ზონა“, სადაც აშშს საელჩო და სახელმწიფო დაწესებულებები მდებარეობს. ასევე ორი რაკეტა გაისროლეს სამხედრო საჰაერო ძალების ბაზა “ბალადის“ მიმართულებით, სადაც ამერიკელი სამხედროები იმყოფებიან. ცეცხლი გაუხსნეს საცხოვრებელ კვარტალს ალ ჯადრიას.

როგორც ერაყის პოლიციამ როიტერს განუცხადა, აშშ–ს საელჩოს სიახლოვეს “კატიუშას“ტიპის რაკეტა ჩამოვარდა. მედია ხუთ დაშავებულზე წერს. ვინ გახსნა ცეცხლი ბაღდადში ჯერჯერობით უცნობია.

შაბათს საღამოს შიიტურმა დაჯგუფება ალ ხაშდ აშ შააბიმ განაცხადა, რომ ერაყში იმ სამხედრო ბაზებზე თავდასხმას გეგმავს, რომლებსაც ამერიკელი სამხედროები იყენებენ.

მოკლულ გენერალთან გამომშვიდობების ცერემონიალი სამშაბათამდე გაგრძელდება, თეირანის საომარი რიტორიკა კი სავარაუდოდ კიდევ დიდხანს. მას ირანის სახელმწფიო მედია და სოციალური ქსელებიც აღვივებს.

ექსპერტების აზრით პროპაგანდის მიზანი არა მხოლოდ მტრის შეშინება, არამედ ქვეყნის შიგნით ხალხის მობილიზება და მოყოყმანეების და სკეპტიკოსების მხარდაჭერის მოპოვებაა.

გენერალი სულეიმანი ირანის ლიდერის, აიათოლა ალი ჰამენეის მარჯვენა ხელი და ირანში რიგით მეორე ყველაზე გავლენიანი ადამიანი იყო. მისი მკვლელობის შემდეგ ტელევიზია ცდილობს განსაკუთრებით გაუსვას ხაზი გარდაცვლილსა და ჰამენეის შორის სიახლოვეს. სულეიმანის მკვლელობის გამო შურისძიება კი წარმოჩენილია როგორც აიათოლასთვის დაკისრებული მისია.

ჰამენეიმ აშშ–ზე შურისძიების შესახებ მკვლელობიდან რამდენიმე საათშივე განაცხადა, ერთ დღეში კი შურისძიების დაპირება ირანის ხელისუფლების ოფიციალურ პოზიციად და პროპაგანდისტულ ხაზად იქცა. შურისძიებაზე საუბრობს ყველა სამხედრო, ჩინოვნიკოსები და პოლიტიკოსები, რომლებიც ირანის ტელევიზიით გამოდიან.

ისინი ამბობენ, რომ დასავლური ქვეყნების, განსაკუთრებით აშშ–ს მოქალაქეებს ურჩევნიათ ახლო აღმოსავლეთი რაც შეიძლება მალე უნდა დატოვონ. ამბობენ იმასაც, რომ სულეიმანის სიკვდილმა ბოლო უნდა მოუღოს რეგიონში ამერიკელი სამხედროების ყოფნას.

პრეზიდენტი როუხანი მოკლული გენერლის ოჯახში მივიდა. ამ ვიზიტის შესახებ სიუჟეტში სულეიმანის ქალიშვილი მას ეკითხება, როდის იძიებენ შურს მამამისის მკვლელობის გამო, რაზეც როუხანი პასუხობს: „ეს მაშინ მოხდება, როცა ამერიკას ბინძურ ხელებს მოაჭრიან, რომლითაც ამ რეგიონზეა ჩაბღაუჭებული“.

ირანის რეჟიმის მხარდამჭერები სოციალურ ქსელში ჰეშთეგს “სასტიკი შურისძიება“ იყენებენ. გენერლის სიკვდილის დღეს ბიბისის მონიტორინგის სამსახურის ცნობით ეს ჰეშთეგი სოციალურ ქსელებში 274 000 ჯერ გამოიყენეს. ამავე სამსახურის ინფორმაციით ექაუნთებზე დაკვირვების შედეგად აღმოჩენილია საეჭვო, შესაძლო კოორდინირებული მოქმედება. ბევრი მათგანი დეკემბერში ან იანვარში შექმნა, აქვთ პროფილის მსგავსი ფოტოები, არიან ერთმანეთის ხელმომწერები, მათი სახელები კი ძირითადად შემთხვევითი ასოებისა და ციფრებისგან შედგება.

სოცქსელებში არსებობს განსხვავებული მოსაზრებაც, რომელიც ჰეშთეგით #TnxPOTUS4Soleimani (მადლობა აშშ–ს პრეზიდენტს სულეიმანისთვის) არის წარმოდგენილი. ისინი, ვინც ამ ჰეშთეგს იყენებენ წერენ, რომ გენერალი სულიმანი პასუხისმგებელია სირიაში მშვიდობიანი მოქალაქეების დაღუპვაზე. ითვლება, რომ თავის დროზე სწორედ სულეიმანიმ დაარწმუნა ვლადიმერ პუტინი სირიის კონფლიქტში ჩარეულიყო.

სოციალურ ქსელებში იმასაც წერენ, რომ სამგლოვიარო დემონსტრაციებისთვის თეირანი სამხედროებს, სტუდენტებს და პატიმრებს იყენებს.

როდის იქნება პასუხი და სად?

ირანი რომ შურისძიებას შეეცდება ცხადია, თუმცა გაუგებარი როდის და სად მოხდება ეს. გერენალ სულეიმანის დაკრძალვის ცერემონიალი ირანის ხელისუფლებისთვის ამაღლებული სცენების დადგმის საშუალება იქნება. მათთვის დღეს უმნიშვნელოვანესია სულეიმანის სიკვდილის მნიშვნელობის მაქსიმალური ხაზგასმა და ამაში იმ ადამიანების დარწმუნება, ვისაც მაინც და მაინც არ მოსწონდა გენერლის სიახლოვე ირანის ლიდერთან და მისი ძვირადღირებული სამხედრო ავანტიურები ქვეყნის გარეთ.

ირანის ლიდერებს იმედი აქვთ, რომ სულეიმანის სიკვდილი ნაციას გააერთიანეს, რომელიც ახლა გაურკვეველი მომავლის წინაშე დგას.
ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა გენერალმა აბუხამზემ განაცხადა, რომ ირანმა რეგიონში 35 სამხედრო სამიზნის იდენტიფიკაცია მოახდინა, თელ–ავივის ჩათვლით. მან ახსენა სპარსეთის ყურეში აშშ–ს სამხედრო ხომალდებზე შესაძლო შეტევაც.

თუმცა, ანალიტიკოსების აზრით ირანი შეეცდება თავი აარიდოს პირდაპირ სამხედრო შეტაკებას, რომელმაც შესაძლოა მასზე გამანადგურებელი დარტყმა გამოიწვიოს. ამჟამად სპარსეთის ყურეში აშშ–ს სამხედრო ძალების დიდი რესურსებია მობილიზებული.

ამის ნაცვლად თეირანისგან ასიმეტრიულ საპასუხო დარტმას ელიან. ექსპერტები ჯერჯერობით მხოლოდ ვარაუდებს გამოთქვამენ, როგორი იქნება ეს პასუხი.