ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი დღეს „წითელი ჯვრის“ წარმომადგენლებმა ოკუპირებული ცხინვალის ციხეში მოინახულეს. ამის შესახებ ინფორმაციას 1tv.ge ავრცელებს.
„წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის“ კომუნიკაციის დეპარტამენტის ხელმძღვანელის, მაია ქარდავას თქმით, ექიმის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. ეს „წითელი ჯვრის“ მიერ გაფრინდაშვილთან შემდგარი მეორე ვიზიტი იყო.
„ოჯახის მიერ შევსებული წითელი ჯვრის საბარათე ბლანკი გადაეცა მას. მან საპასუხო წერილი ამჯერადაც გამოუგზავნა ოჯახს, რომლის სკანირებული ვერსიაც გადავეცით დღეს ოჯახს. სამწუხაროდ, მე სრულად არ ვარ უფლებამოსილი, რომ დეტალურად გესაუბროთ, თუმცა შემიძლია გითხრათ, რომ მისი თქმით, ის თავს გრძნობს ნორმალურად და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა არის დამაკმაყოფილებელი“, – განაცხადა მაია ქარდავამ.
ოკუპირებული ცხინვალის მიერ ვაჟა გაფრინდაშვილის დაკავების საკითხი გუშინ აბაშიძე-კარასინის შეხვედრის ერთ-ერთი თემა იყო. რუსმა დიპლომატმა განაცხადა, რომ “იმედია, ექიმი ოჯახში მალე დაბრუნდება”.
შეგახსენებთ, ოკუპირებულმა რეჟიმმა 15 ნოემბერს ვაჟა გაფრინდაშვილს ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდეს. ქართველ ექიმს ე.წ. საზღვრის უკანონო გადაკვეთას ედავებიან.