რომის პაპმა ბოშებს დისკრიმინაციისთვის ბოდიში მოუხადა

რომის პაპმა ფრანცისკმა რუმინეთში ვიზიტის დროს კათოლიკური ეკლესიის სახელით ბოშებს მრავალსაუკუნოვანი დისკრიმინაციის გამო ბოდიში მოუხადა.
ქალაქ ბლაჟში, რუმინეთში მისი ვიზიტის ბოლო დღეს ბოშური საზოგადოების წარმომადგენლებთან შეხვედრისას პონტიფიკოსმა პატიება სთხოვა მათ “ისტორიის მანძილზე ყველა იმ პერიოდის გამო, როცა ჩვენი მხრიდან დისკრიმინაციას, სასტიკ მოპყრობას ან არასათანადო დამოკიდებულებას განიცდიდით.“
ჰოლოკოსტის დროს ასობით ათასი ბოშა დაიღუპა.
ამჟამად ბოშები ძირითადად სამხრეთ და ცენტრალურ ევროპაში ცხოვრობენ. რუმინეთში ისინი მოსახლეობის 10%–ს შეადგენენ. ისინი ჩივიან, რომ უჭირთ სამუშაოს შოვნა დისკრიმინაციის გამო და ბევრი მათგანი სიღარიბეში ცხოვრობს.
“პატიებას გთხოვთ ეკლესიის სახელით. გულგრილობა ცრურწმენებს და სტერეოტიპებს ქმნის, მრისხანებას და წყენას კვებავს. ხშირად არასწორად ვმსჯელობთ, ისეთ სიტყვებს ვამბობთ, რაც სხვებს გულს ტკენს, ისეთ აზრებს გამოვთქვამთ, რომლებიც სიძულვილს და განხეთქილებას აღვივებს.“
ბოშები ევროპაში დევნას საუკუნეების მანძილზე განიცდიდნენ.
რამდენიმე ფაქტი: 
• ბოშების უმეტესობა სამხრეთ და ცენტრალურ ევროპაში ცხოვრობს, თუმცა ნაწილი აშშ–სა და ბრაზილიაში წავიდა.
• ევროკავშირი ოფიციალურად აღიარებს ბოშებს ევროპაში უმსხვილეს ეთნიკურ უმცირესობად.
• ნაცისტური გერმანია ბოშებს დევნიდა. ისტორიკოსების შეფასებით ასეულობით ათასი ადამიანი მოკლეს.
• ბოშები მთელ ევროპაში უჩივიან დისკრიმინაციას საცხოვრებელი თუ სამუშაო ადგილის ძებნისას.