რუსეთის საგამოძიებო კომიტეტმა საქმე აღძრა სახსრების ლეგალიზაციის “საფუძველზე“, რომლებიც ალექსეი ნავალნის არაკომერციული ორგანიზაციის, “კორუფციასთან ბრძოლის ფონდის“ დაფინანსებისთვის იყო მიმართული.
კომიტეტის ოფიციალური ინფორმაციით საქმე ეხება 1 მილიარდი რუბლის ოდენობის თანხას.
“საგამოძიებო კომიტეტში აღძრულია სისხლის სამართლის საქმე ფულად სახსრებთან დაკავშირებით ჩატარებული ფინანსური ოპერაციების გამო, რომლებიც სხვა პირებმა დანაშაულებრივი გზით მოიპოვეს“ – ამბობს კომიტეტის წარმომადგენელი სვეტლანა პეტრენკო.
მანამდე რუსეთის შსს–მ საგამოძიებო კომიტეტს გადასცა სისხლის სამართლის საქმის მასალები, რომლის თანახმად ნავალნის ფონდის თანამშრომლები, ასევე მასთან დაკავშირებული პირები 2016 წლის იანვრიდან 2018 წლის დეკემბრამდე პერიოდში “იღებდნენ მსხვილ თანხებს მესამე პირებისგან რუბლებში და უცხოურ ვალუტაში, რომლებიც იმთავითვე მათთვის იყო მოპოვებული დანაშაულებრივი გზით“.
საგამოძიებო კომიტეტის ვებგვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ ეს თანხები მოსკოვის ბანკომატებიდან საბანკო ანგარიშებზე შექონდათ, შემდეგ კი ფონდის მიმდინარე ანგარიშებზე რიცხავდნენ.
საგამოძიებო კომიტეტის ინფორმაციით ამჟამად დგინდება იმ პირთა ვინაობა, ვისაც ამ ოპერაციასთან კავშირი ქონდა, ასევე თანხების მიღების წყარო და მათი მოცულობა.
ინფორმაცია ნავალნის ფონდის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმის შესახებ პირველად გამოცემა “პროექტში“ გამოჩნდა, რომელიც ინფორმირებულ წყაროებს ეყრდნობოდა. ამ პუბლიკაციის კომენტირებისას ნავალნის შტაბის ხელმძღვანელმა, ლეონიდ ვოლკოვმა დაწერა: “ხელისუფლებას როგორც ჩანს უნდა ყველა შემოწირულობა, რომლებიც ჩემი ანგარიშიდან მიდიოდა, “ფულის გათეთრებად“ გაასაღოს, ანუ ნავალნის რეგიონული შტაბების დაფინანსება შეუძლებელი გახადოს.“
თავად ალექსეი ნავალნი და მისი ფონდის დირექტორი, ივან ჟდანოვი ადმინისტრაციულ პატიმრობას იხდიან. ნავალნი 24 ივნისს საკუთარ სახლთან დააკავეს იმის გამო, რომ მან მოსკოველებს მოსკოვის მერიის წინ არასანქცირებულ აქციაზე გამოსვლისკენ მოუწოდა. აქცია მოსკოვის დუმაში დამოუკიდებელი კანდიდატების დარეგისტრირებაზე უარის გაპროტესტებას ისახავდა მიზნად. დააკავეს ფონდის იურისტი, ლიუბოვ სობოლიც, რომელსაც ბრალად ედება პოლიციის თანამშრომლის კანონიერი მოთხოვნის მიმართ დაუმორჩილებლობა და მიტინგის ჩატარების წესების დარღვევა.