“რუსთავი2 პირდაპირ ორმაგ და სამმაგ ხელფასებს სთავაზობს წამოსულებს“–ნიკა გვარამია

რუსთავი2–ის ყოფილი გენერალური დირექტორი, ნიკა გვარამია ამბობს, რომ რუსთავი2–დან წამუსულ თანამშრომლებს უკან დაბრუნების სანაცვლოდ ორმაგ და სამმაგ ხელფასებს სთავაზობენ. რუსთავი2–ზე 20 აგვისტოდან ეთერში აღარ გადის საინფორმაციო გამოშვება. საინფორმაციო სამსახური თანამშრომელთა უმრავლესობამ მას შემდეგ დატოვა, რაც ახალმა დირექტორმა საინფორმაციო სამსახურის უფროსი ნოდარ მელაძე სამსახურიდან გაათავისუფლა. ასევე განაცხადა, რომ არხიდან უშვებდა ეკა კვესიტაძეს, გიორგი გაბუნიას და ნანუკა ჟორჟოლიანს. რუსთავი2-იდან წამოსული თანამშრომლები ნიკა გვარამიამ მის ახალ არხზე დაპატიჟა, რომელიც ეთერში სექტემბერში გავა. ბევრი მათგანი სწორედ ამ არხზე დაიწყებს მუშაობას. საინფორმაციო სამსახურის თანამშრომლების გარდა არხი დატოვა ვანო ჯავახიშვილმა და  კომედი ჯგუფის თანამშრომელთა ნაწილმა. ასევე შაბათ–კვირის შუადღის, სხვა შუაღამის წამყვანებმა, მუსიკალური მიმართულების ხელმძღვანელმა, მარინა ბერიძემ. რუსთავი2–ზე რჩება მაია ასათიანი პროფილით და ია ფარულავა გადაცემა ფარული კონვერტით. ჯერჯერობით ზუსტად უცნობია, ვინ რჩება რუსთავი2–ზე და ვინ მიდის. ყველაფერი ალბათ სექტემბერში, შვებულებების დასრულების შემდეგ გაირკვევა.

ორშაბათს პაატა სალიამ არხის საინფორმაციო სამსახურის უფროსად ირაკლი იმნაიშვილი წარადგინა და განაცხადა, რომ არხი აღდგება და ლიდერობას დაიბრუნებს. ირაკლი იმნაიშვილმა კი თქვა, რომ წასული თანამშრომლების დიდი ნაწილი ნანობს გადაწყვეტილებას, რომელიც ემოციურ ფონზე მიიღო და უკან დაბრუნება უნდა. ნიკა გვარამიამ კი ფეისბუქ გვერდზე დაწერა, რომ არხიდან წამოსულ თანამშრომლებს რუსთავი2–ზე დაბრუნების სანაცვლოდ მაღალ ხელფასებს სთავაზობენ.

“R2 ბაზარზე გაჯიდიესდა. პირდაპირ, ორმაგ და სამმაგ ხელფასებს სთავაზობს წამოსულებს. გამოიცანით ვისი სტილია? 

ხო მართლა, ამ სტილის გაგრძელებაც ხო ნანახი გვაქვს: დახურული ტვ9, GDS, გადაყრილი თანამშრომლები, გაფარჩაკებული ცნობილი სახეები.

ვისაც გჯერათ, რომ გაკოტრებული რ2 ჩვეულებრივ კი არა, სამმაგ ხელფასებს გადაგიხდით, თქვენი ნებაა. სინამდვილეში, მშვენიერი ფილტრია: ერთდროულად ავლენს გონებრივ შესაძლებლობებს და მორალური დეგრადაციის დონეს (ივანიშვილის ტვზე მუშაობას სხვას ვერ დავარქმევ).

მოკლედ, წამსვლელი წავიდეს. ჩემთვის მთავარი დამრჩენია.“– წერს გვარამია.