საერთაშორისო ტრიბუნალმა რუსეთს უკრაინელი მეზღვაურების გათავისუფლება დაავალა

საზღვაო სამართლის საერთაშორისო ტრიბუნალმა რუსეთს დაავალა დაუყოვნებლივ გაათავისუფლოს ორი უკრაინული სამხედრო ხომალდი, დამხმარე გემი და 24 უკრაინელი მეზღვაური, რომლებიც ქერჩის სრუტეში 2018 წლის ნოემბერში დააკავეს. ტრიბუნალის გადაწყვეტილებით რუსეთმა მათ სამშობლოში დაბრუნების უფლება უნდა მისცეს. ამ გადაწყვეტილებით ტრიბუნალმა უკრაინის მოთხოვნა დააკმაყოფილა.
საზღვაო სამართლის საერთაშორისო ტრიბუნალმა, რომელიც ჰამბურგშია განთავსებული უკრაინის სარჩელზე გადაწყვეტილება დღეს გამოაცხადა. გადაწყვეტილება სასამართლო კოლეგიამ 19 ხმით ერთის წინააღმდეგ მიიღო. განსაკუთრებული აზრი გამოთქვა რუსმა მოსამართლემ, რომან კოლოდკინმა, რომლის პოზიცია მთლიანად ემთხვევა ოფიციალური მოსკოვის პოზიციას – ანუ მისი აზრით, ტრიბუნალის იურისდიქცია ამ შემთხვევაზე არ ვრცელდება.
რუსეთმა ტრიბუნალის სხდომებში მონაწილეობაზე უარი თქვა.
მართალია ტრიბუნალმა რუსეთის ფედერაციას მეზღვაურების დაუყოვნებლივ გათავისუფლება დაავალა, მაგრამ არ მოუთხოვია გამოძიების შეწყვეტა დაკავებული მეზღვაურების წინააღმდეგ, რადგან სასამართლოს თავმჯდომარის, პაკ ჩჟინ ჰენის განცხადებით მას არ მიაჩნია აუცილებლად ამ მოთხოვნის დაყენება.
იმ შემთხვევაში თუ მეზღვაურებს დამნაშავედ ცნობენ მათ 6 წლიანი პატიმრობა ემუქრებათ.
ტრიბუნალმა მოუწოდა ორივე მხარეს მოერიდონ ქმედებებს, რომლებსაც შეიძლება ქერჩის სრუტეში სიტუაციის გამწვავება მოჰყვეს.
უკრაინის პრეზიდენტის, ვლადიმირ ზელენსკის განცხადებით რუსეთის რეაქცია საერთაშორისო ტრიბუნალის გადაწყვეტილებაზე იმის ინდიკატორი იქნება, არის თუ არა ის მზად უკრაინასთან ურთიერთობის ნორმალიზებისთვის. თუმცა, როგორც უკვე აღვნიშნეთ, რუსეთი თვლის, რომ ტრიბუნალს ამ საქმის განხილვის უფლებამოსილება არ ქონდა.
უკრაინის სამხედრო ხომალდები და მეზღვაურები რუსეთის ხელისუფლების წარმომადგენლებმა ქერჩის სრუტის სიახლოვეს გასული წლის 25 ნოემბერს დააკავეს. რუსეთი სრუტის ორივე ნაპირს ყირიმის ანექსიის შემდეგ საკუთარ ტერიტორიად თვლის. უკრაინული ხომალდები ოდესიდან აზოვის ზღვაში, მარიუპოლის პორტში მიდიოდნენ, როცა ყირიმის სანაპიროდან მათ რუსული სასაზღვრო კატერები აედევნენ. უკრაინულმა მხარემ განაცხადა, ქერჩის სრუტეში გავლის შესაბამისი ნებართვა მოითხოვა, თუმცა პასუხი არ მიუღია.
რუსეთის უსაფრთხოების ფედერალური სამსახურის ვერსიით კი მათ მეზღვაურებს შეატყობინეს, რომ სრუტე დაკეტილია და მოთხოვეს რუსეთის ფედერაციის ტერიტორიულ წყლებში არ შესულიყვნენ, ანუ აკვატორიაში, რომლის რუსეთისადმი კუთვნილებას უკრაინა არ აღიარებს.
რუსულმა მხარემ უკრაინული ხომალდების მიმართ იარაღიც გამოიყენა, რის შედეგად ეკიპაჟის რამდენიმე წევრი დაიჭრა. შემდეგ კი ხომალდები ქერჩში გადაიყვანეს და ეკიპაჟის ყველა წევრი დააკავეს. მათ საზღვრის უკანონო გადაკვეთა წაუყენეს ბრალად.
ქერჩის სრუტის ინციდენტს უმწვავესი საერთაშორისო რეაქცია და რუსეთის მიმართ სანქციების ახალი ტალღა მოჰყვა.