საგანგაშოა კრიტიკა ეთნიკურ წარმომავლობაზე აქცენტირებით–სახალხო დამცველი მარნეულის და ბოლნიკის მოსახლეობის მიმართ ქსენოფობიას ხედავს

საქართველოს სახალხო დამცველი და სახალხო დამცველთან არსებული ეროვნულ უმცირესობათა და რელიგიათა საბჭოები მხარდაჭერას უცხადებენ მარნეულისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტების მაცხოვრებელთ და შეშფოთებას გამოთქვამენ საზოგადოების ნაწილის მხრიდან ეთნიკურად აზერბაიჯანელი მოქალაქეებისადმი ქსენოფობიური დამოკიდებულების გამოხატვას გამო, რაც კორონა ვირუსის გავრცელებასთან დაკავშირებით,  ამ ტერიტორიების საკარანტინო ზონებად გამოცხადებას მოჰყვა.

„დღეს საზოგადოება, ვირუსთან გამკლავების თვალსაზრისით, განსაკუთრებით მწვავე გამოწვევის წინაშე დგას – საფრთხის ქვეშაა ადამიანების სიცოცხლე და ჯანმრთელობა, რომელთა დასაცავად, სამედიცინო და სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები ძალისხმევას არ იშურებენ. ამის ფონზე, საქართველოს თითოეული მოქალაქის მოვალეობაა, საკუთარი შესაძლებლობის ფარგლებში, ხელი შეუწყოს პრობლემასთან ბრძოლას და საერთო სიკეთის მიღწევას. აღსანიშნავია, რომ საქართველოში ეთნიკურ უმცირესობათა მიმართ დისკრიმინაციული დამოკიდებულება პერიოდულად იჩენს ხოლმე თავს.

თუმცა, შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, როდესაც ყველა ადამიანი, წარმოშობის მიუხედავად, თანაბრად დაუცველია ვირუსთან დაკავშირებული რისკების წინაშე, განსაკუთრებით საგანგაშოა კრიტიკა ეთნიკურ წარმომავლობაზე თუ სხვა პირად მახასიათებელზე აქცენტირებით. სამწუხაროდ, საქართველოს დანარჩენ მოსახლეობასთან შედარებით, მომეტებული სავარაუდო რისკის წინაშე დღეს მარნეულისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტებში მცხოვრები მოქალაქეები აღმოჩდნენ.

პრობლემის განხილვა ამ ტერიტორიებზე მცხოვრები მოქალაქეების ეთნიკური კუთვნილების ჭრილში, ერთმნიშვნელოვნად ეწინააღმდეგება ადამიანის ღირსების დაცვის უზენაეს პრინციპს, აძლიერებს ეთნიკური უმცირესობების მიმართ არსებულ სტიგმებს, აღვივებს დეზინტეგრაციულ პროცესს და მათ სოციალურ გარიყვას ახალისებს. ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, სახალხო დამცველი და სახალხო დამცველთან არსებული ეროვნულ უმცირესობათა და რელიგიათა საბჭოები მოუწოდებენ ყველას, თავი შეიკავონ ეთნიკური უმცირესობების მიმართ შეუწყნარებლობისა და დისკრიმინაციის წამახალისებელი დამოკიდებულების გამოვლენისაგან და სოლიდარობა გამოიჩინონ შექმნილი ვითარებისადმი“, – ნათქვამია სახალხო დამცველის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ხელისუფლებამ ბოლნისში და მარნეულში მკაცრი საკარანტინო ზონა გამოაცხადა.