საგარეო საქმეთა სამინისტრო უცხოეთში მყოფი ქართველების საყურადღებოდ განცხადებას ავრცელებს. უწების განცხადებით, ბოლო პერიოდში, სოციალურ ქსელებში გააქტიურდნენ კერძო პირები და გარკვეული, მათ შორის პოლიტიკური ჯგუფები, რომლებიც საზღვარგარეთ მყოფ საქართველოს საქართველოში დაბრუნებას პირდებიან და ამისთვის პირად მონაცემებს და კითხვარის შევსებას სთხოვენ.
სამინისტრო მოუწოდებს ქვეყნის გარეთ მყოფ საქართველოს მოქალაქეებს, სიფრთხილით მოეკიდნონ მსგავსი სახის შეთავაზებებს და მგზავრობის მარშრუტი მხოლოდ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობების დახმარებით დაგეგმონ.
,,მოგმართავთ თხოვნით, რათა გაითვალისწინოთ, რომ მსოფლიოში კორონავირუსის გავრცელების მაღალმა დონემ მნიშვნელოვანი პრობლემები შექმნა საერთაშორისო მგზავრობის თვალსაზრისით. უმეტეს ქვეყნებს ჩაკეტილი აქვს საზღვრები და შეწყვეტილია ან მკაცრად შეზღუდულია საერთაშორისო მიმოსვლა როგორც საჰაერო, ასევე სახმელეთო, სარკინიგზო თუ საზღვაო გზებით. შესაბამისად, კერძო პირების მიერ გაცემული დაპირებები და გადაადგილებისთვის დახმარების შემოთავაზების მცდელობა მოკლებულია რეალურ საფუძველს, არის რისკების შემცველი და შესაძლოა კიდევ უფრო გაართულოს მოქალაქეების მდგომარეობა.
არსებული ვითარების გათვალისწინებით, მოგიწოდებთ სიფრთხილით მოეკიდოთ მსგავსი სახის შემოთავაზებებს და თქვენი მგზავრობის მარშრუტი დაგეგმეთ მხოლოდ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობების დახმარებით, რათა თავიდან აიცილოთ შემდგომი არასასურველი გართულებები”,- წერია სამინისტროს განცხადებაში.
მათივე ინფორმაციით, საკოორდინაციო საბჭოს მითითებით საქართველოს მისიები საზღვარგარეთ მუშაობის 24 საათიან რეჟიმზე არიან გადასული, რათა ოპერატიულ რეჟიმში დაეხმარნონ უცხოეთში მყოფ საქართველოს მოქალაქეებს