საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო რუსეთში მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს.
“რუსეთის ფედერაციის, ლიპეცკის ოლქის, სტანოვლიანკის რაიონის, დასახლებულ პუნქტ იარკინო-ს მიმდებარედ 26 დეკემბერს მაგისტრალზე მოხდა ავტოსაგზაო შემთხვევა, ამოტრიალდა სამგზავრო ავტობუსი, რომელიც მოძრაობდა მოსკოვი-თბილისის მიმართულებით.
პირველადი მონაცემებით ავტობუსით მგზავრობდა 19 პირი. ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავდა 17 მგზავრი, მათგან 8 გადაყვანილია სტაციონარში და უტარდება საჭირო სამედიცინო დახმარება, ამათგან 4 გახლავთ საქართველოს მოქალაქე. ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაიღუპა ასევე 2 საქართველოს მოქალაქე.
რუსეთის ფედერაციაში შვეიცარიის კონფედერაციის საელჩოს საქართველოს სექცია მუდმივ კავშირზეა რუსეთის ფედერაციის შესაბამის სამსახურებთან, მათ შორის, როგორც საგანგებო მდგომარეობის სამსახურთან, ასევე სამედიცინო ცენტრთან სადაც განთავსებულნი არიან დაშავებულები. ამოქმედებულია ცხელი ხაზი +7 9269262740.
ფაქტზე აღძრულია სისხლის სამართლის საქმე და მიმდინარეობს გამოძიება.
ასევე, საქარველოს სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს გადაწყვეტილებით მგზავრების გადმოსაყვანად რუსეთის ფედერაციის მიმართულებით უკვე გაემართა 2 ავტობუსი” – აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.