სახალხო დამცველი უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების შერჩევის წესის არაკონსტიტუციურად ცნობას ითხოვს

სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების შერჩევის წესის არაკონსტიტუციურად ცნობას ითხოვს. აღნიშნული მოთხოვნით სახალხო დამცველმა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიმდინარე წლის პირველ ნოემბერს საკონსტიტუციო სარჩელით მიმართა.

„სახალხო დამცველი მიიჩნევს, რომ იუსტიციის უმაღლეს საბჭოში საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლის თანამდებობაზე ასარჩევად საქართველოს პარლამენტისთვის წარსადგენი კანდიდატების შერჩევის წესი ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებულ, მოქალაქის საჯარო თანამდებობის დაკავების, სამართლიან სასამართლოზე წვდომის უფლებებსა და დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი სასამართლოს უზრუნველმყოფელ პრინციპს

შერჩევის წესი არ გამორიცხავს თვითნებობის საფრთხეს, რადგან სადავო ნორმით გათვალისწინებული ფარული კენჭისყრა არ ავალდებულებს იუსტიციის უმაღლეს საბჭოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება. კერძოდ, კი ის, თუ რატომ მიანიჭა უპირატესობა ერთ კანდიდატს და უარი უთხრა მეორეს. გასაჩივრების უფლების არარსებობით კი უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებს ერთმევათ შესაძლებლობა, სასამართლო წესით ამტკიცონ მათ შერჩევაზე უარის თქმის არამართლზომიერება. აღნიშნული წესი ვერ უზრუნველყოფს სამართლიან პროცესს და იმ კანდიდატებს, რომლებიც აკმაყოფილებენ კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს, გაუმართლებლად უზღუდავს შესაძლებლობას საკუთარი პროფესიული თუ სხვა პიროვნული უპირატესობების შესაბამისად იყვნენ შერჩეულნი“, – განაცხადა სახალხო დამცველმა.