დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის თქმით, ეპიდემიის დამთავრებამდე არ არის საჭირო სახლებში 10-კაციანი და 20-კაციანი სუფრები, თვენახევარი-ორი თვე ყველამ უნდა გავიჭირვოთ.
,,სრულად კიდევ არ არის დაცული სოციალური დისტანცირების მოწოდებები. ლისის ტბაზე, კუს ტბაზე დარბიან კიდევ. 5-5 10-10 ადამიანი იკრიბება. არ არის საჭირო ეს ერთი თვე სახლებში 10-კაციანი და 20-კაციანი სუფრები. გვიყვარს, რა ჯობს, მერე მე დაგპატიჟებთ, ერთად წავიდეთ სადმე როცა დამთავრდება ეს ეპიდებია. სიამოვნებით, ვიმხიარულოთ. მაგრამ, ახლა თვენახევარი, ორი თვე გავიჭირვოთ სულ ყველამ. ვიყოთ იზოლირებულნი, განსაკუთებით ჩემი ასაკის ადამიანები. მე ახლა არ შემიძლია, თორემ სიამოვნებით”,- აცხადებს ამირან გამყრელიძე.
შეგახსენებთ, რომ ამ დროისთვის საქართველოში საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული. მოქალაქეებს ეძლევათ რეკომენდაცია, რომ დარჩნენ სახლში და მხოლოდ გადაუდებელი საჭიროების შემთხვევაში გამოვიდნენ გარეთ.
ბოლო მონაცემებით, ქვეყანაში კორონავირუსის 79 შემთხვევა ფიქსირდება. მათგან 10 გამოჯანმრთელდა, რამდენიმეს მდგომარეობა კი მძიმეა. კარანტინის რეჟიმში 4346 ადამიანი იმყოფება, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ 247.