მომღერალმა სალომე კორკოტაშვილმა, იგიბე SALIO-მ ბერლინში კონცერტზე “ოცნების” წევრების დასწრების გამო უარი თქვა. ამის შესახებ მან რადიო თავისუფლებას განუცხადა.
სალომე კორკოტაშვილის თქმით, გადაწყვეტილება ბენდთან ერთად მას შემდეგ მიიღო, რაც გაიგო, რომ მიღებაში მონაწილეობის მიღებას პრემიერმინისტრი ირაკლი კობახიძე და ქართული ოცნების სხვა წევრები აპირებენ.
“გუშინ რეპეტიცია გვქონდა და ძალიან შემთხვევით გავიგეთ, რომ ირაკლი კობახიძე და ქართული ოცნების წევრები იღებენ მონაწილეობას და გავგიჟდით. ჩვენთვის მიუღებელია მათთან ერთად სცენის გაზიარება. რაც ხდება დღეს, როგორც იქცევიან, გამორიცხულია მათთან ერთად იგივე სცენაზე დგომა და გავაუქმეთ ეს კონცერტი. გულწრფელი პროტესტის გამო – ხალხს იჭერენ, ურეკავენ, აშანტაჟებენ და ჩვენ აღარ მივდივართ. ბილეთებიც გვქონდა, ყველაფერი, მაგრამ მთელმა ბენდმა მივიღეთ ეს გადაწყვეტილება”, – უთხრა მომღერალმა რადიო თავისუფლებას.
ღონისძიება 21 ივნისს, ბერლინის სასტუმრო ადლონში უნდა გაიმართოს.