ბრიტანეთის დედოფალმა, ელისაბედ მეორემ მხარი დაუჭირა სასექსის ჰერცოგის და მისი მეუღლის სურვილს ახალი ცხოვრება დაიწყონ და უარი თქვან სამეფო ოჯახის უფროსი წევრების სტატუსით მოვალეობების შესრულებაზე.
დღეს დედოფალმა სანდრინგემის სასახლეში სამეფო ოჯახის მაღალი რანგის წევრები შეკრიბა სამეფო ოჯახის ცხოვრებაში პრინცის და მეგანის მომავალი როლის განსასაზღვრად, რომლებმაც განაცხადეს რომ უნდათ ფინანსურად დამოუკიდებლები გახდნენ.
“ჩვენ ვამჯობინებდით ისინი სამეფო ოჯახის სრულფასოვან წევრებად დარჩენილიყვნენ, თუმცა პატივს ვცემთ და გვესმის მათი სურვილის უფრო დამოუკიდებლად იცხოვრონ, და ამავე დროს დარჩნენ ჩვენი ოჯახის ფასეულ ნაწილად“– ნათქვამია დედოფლის განცხადებაში.
დედოფლის თქმით, შეხვედრაზე შედგა შეთანხმება გარდამავალი პერიოდის შესახებ, რომლის დროსაც ჰარი და მეგანი დროს კანადასა და ბრიტანეთში გაატარებენ. ფინალური გადაწყვეტილება ამ საკითხში უახლოეს დღეებში იქნება მიღებული.
სანდრინგემის სასახლეში გამართულ შეხვედრას ელისაბედ მეორეს და პრინცი ჰარის გარდა ჰარის მამა, უელსის პრინცი ჩარლზი და მისი უფროსი ძმა, პრინცი უილიამი ესწრებოდნენ. ვარაუდობდნენ, რომ მეგანი შეხვედრაში მონაწილეობას ტელეფონით მიიღებდა.
როგორც მოსალოდნელი იყო, სამეფო ოჯახის წევრებმა განიხილეს ჰარის და მეგანის უარი სამეფო ოჯახის უფროსი წევრების სტატუსით სარგებლობასა და მოვალეობებზე. ასევე განიხილეს, რა თანხას მიიღებენ ისინი სამეფო ოჯახისგან, ტიტულების საკითხი და კომერციული შეთანხმებების დეტალები, რომელთა დადების უფლება მათ სამომავლოდ ექნებათ.